
სააკაშვილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან კავშირების შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ძველი კავშირების შენარჩუნება საჭიროა არსებული პოლიტიკური "პერიპეტიების“ მიუხედავად.
“ჩვენ ძალიან გვიყვარს ბელორუსები, მოლდაველები, უკრაინელებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, რუსებიც და ყველა სხვა ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში. და როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური პერიპეტიები, როგორიც არ უნდა იყოს პირობები – და პირობები, სამწუხაროდ, ძალიან კონკრეტული – ჩვენ მაინც უნდა გადავლახოთ ისინი,“– განაცხადა მან.
“მსოფლიო ფართოვდება ჩვენთვის და ჩვენ ვიძენთ ახალ მეგობრებს, ახალ ნაცნობებს… მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ძველი მეგობრები, რადგან ძველი მეგობრები არიან გამოცდილი მეგობრები. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი გვაკავშირებს,“– აღნიშნა სააკაშვილმა, "ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ძველი კავშირები“.
მან ეს განცხადებები რუსულ ენაზე ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელთან, მიჰაი გიმპუსთან ერთად სტუმრობისას გააკეთა. ანაკლიაში სააკაშვილი და გიმპუ ბანაკში დამსვენებელ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოლდაველ და ასევე იქ მყოფ ბელარუსს ახალგაზრდებს შეხვდნენ.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს "ბრწყინვალე ურთიერთობები“ აკავშირებს ბელარუსთან, ხოლო მოლდოვას და საქართველოს ერთნაირი პრობლემები და მსგავსი ეკონომიკური სიტუაცია აქვთ.
“ჩვენ თავისუფალი ქვეყნები ვართ, სრულად თავისუფლები არ ვართ ტერიტორიულად, რადგან ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ისევ იმყოფება ძველ საბჭოთა ზოოპარკში, მაგრამ ჩვენი ქვეყნების [საქართველო და მოლდოვა] დიდი ნაწილი ტერიტორიულად თავისუფალია – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს იმედი და ეს იმედი ჩვენს ხელთაა,“– აღნიშნა მან.
მისი თქმით, „დიდი ბენიერებაა“, რომ „როგორც იქნა“ მოლდოვა დადგა კურსს ამ პრობლემების გადასალახად.
სააკაშვილმა ანაკლიის სიახლოვეს, აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ გამყოფ კედელზეც ისაუბრა, რომლის მიღმაც რუსული ტანკები და რაკეტებია, რომლებიც „ისროდნენ არცთუ ისე ძალიან ადრე“.
"თუ კაცობრიობამ ვერ ისწავლა 21–ე საუკუნეში, რომ არ აშენონ კედლები პლიაჟზე და არ გაამაგრონ ისინი ტანკებითა და რაკეტებით, მაშინ მას არაფერი უსწავლია,“– აღნიშნა მან და აქვე დასძინა, „ადამიანებს კედლები და მავთულხლართები არ უნდა ყოფდნენ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)