ახალი ამბები

სააკაშვილი: ’მტკიცე უარს ვამბობთ მართული ვიყოთ სხვა გარეშე ძალის მიერ’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე განაცხადა, რომ ქვეყნის ”დამოუკიდებლობა შეუქცევადია და მას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს”, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ”იმპერიული” ძალები, რომლებიც ”გეგმავენ და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისევ დაგვამარცხონ თავისუფლების შენარჩუნებისათვის ამ დიდ ბრძოლაში”.

მისი თქმით, საქართველო მტკიცე უარს ამბობს იყოს მართული გარეშე ძალის მიერ.

”დამოუკიდებლობა ნიშნავს უფლებას თავად ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, თავად განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების კურსი, თავად დავგეგმოთ საგარეო პოლიტიკა, შევარჩიოთ მეგობრები და ალიანსები, რომელთა წევრობა იქნება საუკეთესო ჩვენი სამშობლოს დასაცავად და გასაძლიერებლად. დამოუკიდებლობა ნიშნავს საშუალებას ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვმოქმედებდეთ ჩვენი და  არა სხვისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად; დამოუკიდებლობა ნიშნავს თავად ვირჩევდეთ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელს; რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ნიშნავს გზას თავისუფალი საზოგადოებისკენ,”- განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში, ”ჩვენ მტკიცე უარს ვამბობთ მართული ვიყოთ სხვა გარეშე ძალის მიერ. მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეესატყვისება ჩვენს ქართულ და კავკასიურ ოცნებას მომავალზე”.

”მაგრამ დღეს ჩვენს დამოუკიდებლობას ისევ უპირისპირდება იმპერია. არსებობენ ძალები, რომლებიც გეგმავენ და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისევ დაგვამარცხონ თავისუფლების შენარჩუნებისათვის ამ დიდ ბრძოლაში,”- აღნიშნა მან და განაგრძო:

”მათი მოციქულები ახლა ჩვენს რიგებშიც გამოჩნდნენ და გვიკიჟინებენ, რომ ხელი ავიღოთ ოცნებაზე დამოუკიდებლობის შესახებ; გვეუბნებიან, რომ მორჩილება და უუფლებობა ჩვენი გადარჩენის და არსებობის ერთადერთი ფორმაა; მათი ლოგიკით ერთადერთი პასუხი, რომელიც საქართველოს გააჩნია თავზე ნაცრის წაყრაა და ეროვნულ ღირსებაზე უარის თქმაა; მათი ლოგიკით და მათი ფილოსოფიით, თუ მტერი ძლიერია წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, მაგრამ სულ სხვა ფილოსოფია აქვს ქართულ, მრავალსაუკუნოვან გენს”.

მისი თქმით, ახლანდელი თაობა ”პრივილეგირებულია” იმით, რომ  ”გვაქვს შანსი გავხდეთ პირველი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინც გასტეხს ნავსს და შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისთვის”.
 
”დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული ვიქნებით ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, რამდენად შევძლებთ რეფორმების გატარებას, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას, რამდენად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში; რამდენად სწრაფად ჩამოვყალიბდებით, როგორც მოდერნიზებული, თანამედროვე ევროპელი ერი ხელახლა… რამდენად შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას კორუფციისაგან, კლანურობისაგან; რამდენად შევქმნით ჩვენი ხალხისთვის ახალ სამუშაო ადგილებს; ხოლო ქვეყნისთვის რეგიონალური ეკონომიკურ ცენტრის ახალ ფუნქციას მოვიპოვებთ; რამდენად დაცული იქნება ჩვენი საზოგადოება კრიმინალისა და ძალადობისაგან; რამდენად სტაბილური იქნება გარემო და რამდენად ერთიანი იქნება ხალხი; რამდენად მტკიცე იქნება სახელმწიფოებრივი აპარატი და სამართალდაცვის სტრუქტურები; რამდენად ძლიერი იქნება ჩვენი არმია,”- განაცხადა სააკაშვილმა.

იგი ასევე შეეხო კრიტიკას ხელისუფლების მისამართით აგვისტოს ომის შემდეგ სამხედრო აღლუმის გამართვის თაობაზე. ამ მხრივ მხოლოდ შარშანდელი 26 მაისი იყო გამონაკლისი, როცა ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო გადაიფიქრა.

”კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებთ დღეს აქ ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და რომელთაც, სამწუხაროდ, შარშან ხელი შეუშალეს აღლუმის ჩატარებას რუსთაველზე, აცხადებენ, რომ ის რაც დღეს ამ გამზირზე ხდება, არის ჩვენ მიერ იარაღის ჟღარუნი და უბრალოდ ახირება,”- განაცხადა მან დღეს, ”ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და სამხედრო ტექნიკის ხმას. ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ჩემო მეგობრებო, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა. რასაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულისფეთქვა შეაჩეროს, ამას ის ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს”.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ”მტკიცეა, როგორც არასდროს”, ეკონომიკა ”სიძნელეების მიუხედავად” გაჯანსაღების გზას ადგას და ევროპული ინტეგრაცია ”პროგრესირებს და შეუქცევად ხასიათს იღებს”.      

”მას, ვისაც უნდოდა ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა, ვერ გაიგეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში  ჩვენ შევქმენით ფუნქციონირებადი სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ხალხს, ეროვნულ ინტერესებს და ახერხებს ეროვნული ინტერესების დაცვას; ვერ გაიგეს, რომ ჩვენთვის ინსტიტუტების სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი კეთილდღეობა, პირადი სახელი და დიდება და მითუმეტეს, კორუფციული სიმდიდრე,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით,  დამოუკიდებლობის დღე ”განსაკუთრებით ძვირფასია” ერისთვის, რომელმაც ”გაუძლო თითქმის ყველა მსოფლიო იმპერიის შემოტევას და მათ ოკუპაციას”, რომელიც ”ხშირად გრძელდებოდა ათეულობით და ასეულობით წლების განმავლობაში”.
  
”მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი ერი არ გატყდა, არ დაყარა ფარ-ხმალი, არ შეეგუა პატივისა და ღირსების აყრას, არ დათმო ოცნება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ და ყველა ჯერზე დაამარცხა მტერი. დაამარცხა იმით, რომ ის იმპერიები გადაშენდნენ. მათთვის ადგილი მხოლოდ ისტორიის ფურცლებზეა და საქართველო ისევ არსებობს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

გამოსვლის დასრულების შემდეგ მან ბრწყინვალების ორდენებით 23 პირი დააჯილდოვა:

  • გაერიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე ”შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”;
  • ნინო ანანიაშვილი ”საბალეტო სკოლის აღორძინებისთვის”;
  • დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ალექსანდრე ბესტავაშვილი ”დიასპორაში თავდადებული საქმიანობისთვის”;
  • ბიზნესმენი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ”მთავრობის მეთაურობისთვის ყველაზე რთულ დროს და ნოვატორობისთვის ქართულ ბიზნესში”;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი ”100-ზე მეტი ისტორიული ძეგლის აღდგენისთვის”;
  • ალბერტო დომინგო კაბო ”ბათუმის და ანაკლიის ბულვარების, თბილისის ახლად აშენებული გმირთა მემორიალისა და ქუთაისში პარლამენტის შენობის პროექტების ავტორობისთვის”;
  • მომღერალი ნანი ბრეგვაძე ”საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის”;
  • დეპუტატი მმართველი პარტიიდან კობა ნაყოფია ”პატრიოტიზმისთვის და ახალი სტანდარტების დანერგვისთვის ქართულ ბიზნესში”;
  • ნინო და ილიკო სუხიშვილები ”საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის”;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია ”70-იან წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული და თავდადებული ბრძოლისთვის”;
  • კომპანია RAKIA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ხატერ მასსადი ”საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის სწორად ორგანიზებისათვის და წარმატებული საქმიანობისთვის”;
  • პროფესორი ლევან ალექსიძე ”სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ქართული საერთაშორისო სიმართლის სკოლის შექმნისთვის”;
  • დიასპორების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე ”ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის და პატრიოტული ღვაწლისთვის”;
  • სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ”საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის”;
  • ქირურგი როლანდ ახალაია ”სამედიცინო საქმიანობაში და სამოქალაქო თავდადებისთვის”; 
  • შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ”ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის, ქართული პატრიოტული ახალგაზრდობის საუკეთესო სახით წარმოჩენისთვის”;
  • საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი -”წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში”;
  • სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი დენიელ კუნინი ”თითქმის ოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოში”;
  • მფრინავი შამილ ქორთოშიძე ”ქართული საფრენონსო სკოლის შექმნის საქმეში და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის ქართულ ავიაციაში”;
  • მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე ”ნოვატორობისთვის და პატრიოტული საქმიანობისთვის”;
  • რკინიგზის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ეზუგბაია ”წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის”
  • პაატა ბურჭულაძე ”ქართული სახელის წარმოჩინებისთვის, ხელოვნებაში წარმატებული მოღვაწეობისათვის” (ბურჭულაძე ღონისძიებას არ ესწრებოდა).

დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც 4325-მა სამხედრო მოსამსახურემ; 117 ერთეულმა სახმელეთო და 18 საჰაერო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი/Related

Back to top button