
ალასანია გაჩეჩილაძეს შეხვდა
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი, ირაკლი ალასანია გუშინ საღამოს საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს თანადამფუძნებელს, ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა.
”მეც და ლევანმაც ერთმანეთს გავუზიარეთ, როგორ ვხედავთ ამ ათკვირიანი კამპანიის წარმართვას, რა მეთოდებით შეიძლება უკეთესი და ეფექტური კოორდინაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების; მე გავაცანი რას ვგეგმავ საარჩევნო კამპანიის დროს,” – განაცხადა ალასანიამ 12 მარტს.
გაჩეჩილაძე ბოლო დღეებში მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგანაც მას ჯერ არ გაუმხელია საკუთარი გადაწყვეტილება – აპირებს მერის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც მისი კონკურენტი, სხვებთან ერთად, ირაკლი ალასანიაც იქნება; თუ პირიქით, მის მხარდაჭერას გეგმავს. თუ გაჩეჩილაძე კენჭისყრას გადაწყვეტს, ეს სავარაუდოდ, ოპოზიციური ხმების გახლეჩას გამოიწვევს.
11 მარტს ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მას ცოტა დრო კიდევ სჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ”ამ გადაწყვეტილებას დრო სჭირდება,” – განაცხადა მან, ”ეს სულაც არ იქნება დაკარგული დრო, თუ საბოლოოდ ერთიან კანდიდატზე მოვახერხებთ შეთანხმებას”.
”ჩემთვის მნიშვნელოვანია ვინ გაუძღვება საზოგადოებას გამარჯვებისკენ… ჩემთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს მერობისთვის კენჭისყრა, ან იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული,” – დასძინა გაჩეჩილაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)