დავით ბაქრაძე ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 27 იანვარს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა, იტყობინებიან ნატოს და საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურები.
”შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს ვალდებულება საქართველოს წევრობის მიმართ, როგორც ეს ნატოს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ძალაში რჩება,” – ნათქვამია ნატოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, ”გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების საქმეში და მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს ეგიდით ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის”.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ანდრეს ფოგ რასმუსენმა და დავით ბაქრაძემ უსაფრთხოების საკითხზე და ”იმ რისკებზე იმსჯელეს, რაც საქართველოში რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნას მოაქვს”.
”ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალსახად დააფიქსირა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს,” – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
ამასთან, 26 იანვარს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატო-ში აკრედიტებული საელჩოების პოლიტიკური მდივნების დონეზე ბრიუსელში გაიმართა, საქართველომ 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი წარადგინა.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველო ნატოს ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს წლიურ პროგრამის საბოლოო ვარიანტს თებერვალში წარუდგენს, იტყობინება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)