ახალი ამბები

ევროკავშირის დამკვირვებლები ოსი ეროვნების მოქალაქის დაკავების გარემოებებზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში განაცხადა 25 იანვარს, რომ მისიას ”სერიოზული შენიშვნები” გააჩნია ქართული პოლიციის მიერ თვის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის მოქალაქის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით.

4 იანვარს გენადი ფლიევის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლიევი ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე სოფელ ნიქოზში დააკავეს და რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩნდა. 

ცხინვალის თქმით, ფლიევი ქართულმა პოლიციამ ”გაიტაცა” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 400-500 მეტრის სიღრმეში მდებარე ადგილიდან.

საქმის გამოძიების შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ეჭვები გამოთქვა გატაცების ვერსიასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე არ გაიზიარა ქართული პოლიციის განცხადებები, რომ ფლიევი შეიარაღებული იყო.

”ხელმისაწვდომი ინფორმაციის საგულდაგულო შესწავლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  ბ-ნ ფლიევის გატაცების ფაქტს და დაპატიმრებისას მის ხელთ იარაღის არსებობას,” – განაცხადა მისიამ.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დიდი იმედი აქვს, რომ ყველა მხარე მხედველობაში მიიღებს მოცემულ შემთხვევას. საბოლოოდ, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ორივე მხარეს დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად გამოთქვამს აზრს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადამიანების მიმართ გატარებული უნდა იქნას ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი ზომები,” – განაცხადა მისიამ.

ფლიევის დაკავების გამოძიება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირის დამკვირვებლებს საშუალება მიეცათ სეპარატისტულ რეგიონში შესულიყვნენ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შეხვედროდნენ, ასევე შეემოწმებინათ ის ადგილი, საიდანაც, ცხინვალის მტკიცებით, ფლიევი გაიტაცეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button