skip to content
ახალი ამბები

უგულავა უარყოფს Newsweek-ში გამოქვეყნებულ მის განცხადებას ნატოზე

თბილისის მერი გიგი უგულავა კატეგორიულად უარყოფს, რომ თითქოს Newsweek-ის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველო უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, თუ რუსეთი დატოვებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
 
Newsweek-ის რუსული გამოცემის ვებ-გვერდზე 15 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უგულავა აცხადებს: ”თუ რუსეთი გაიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ამის სანაცვლოდ, საქართველო, მაგალითად, უარს იტყვის ნატოს წევრობაზე”.

”მაგრამ არა მგონია, რომ ამგვარი ნაბიჯი გადაიდგას. ის ურთიერთობები, რომლებიც ამჟამად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, არ არის ის ფორმატი, სადაც შესაძლებელია ფუნდამენტალურ საკითხებზე საუბარი. ის, რომ სააკაშვილსა და პუტინს ერთმანეთი არ უყვართ, ამან მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს; დროა დაიწყოს საუბარი. მაგრამ ეს რუსეთმა უნდა დაიწყოს,” – წერს Newsweek-ი უგულავას სიტყვებზე დაყრდნობით.

16 იანვარს გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან განცხადებაში, თბილისის მერიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ Newsweek-ის რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებული ინტერვიუ ”უამრავ უზუსტობას შეიცავს”.

”ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის მერის მიერ ის განცხადება, რომ თითქოს საქართველო უარს იტყვის ნატოში სწრაფვაზე, რუსული საოკუპაციო ძალებისგან ქართული ტერიტორიების გათავისუფლების სანაცვლოდ,” – ნათქვამია მერიის მიერ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში.

”ბატონ უგულავას არასდროს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოში პირობითია და რომ შესაძლოა ამ საკითხით ვაჭრობა,” – ნათქვამია განცხადებაში. ”ნატოში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ძლიერი სურვილია, რაც დადასტურდა 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტით”.

”მერს არ გააჩნია უფლებამოსილება და არც რაიმე განზრახვა აქვს უგულებელყოს ქართველი ხალხის ნება. გარდა ამისა, მერი თავად არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერი და ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად მიიჩნევს,” – ნათქვამია განცხადებაში.

Newsweek-ის რუსულ რედაქციასთან დაკავშირება, ისევე როგორც იმ ჟურნალისტთან, რომელმაც უგულავასგან ინტერვიუ აიღო, შაბათს ვერ მოხერხდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button