Placeholder canvas
ახალი ამბები

ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს

სეპარატისტულ აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასაწარი შედეგებით, მეორე ვადით სერგეი ბაღაფში ხმების 59.4%-ით იქნა არჩეული, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ბაღაფშის მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმების 15.4% მიიღო;  აფხაზეთის სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელმა ზაურ არძინბამ – 10.6%; ბიზნესმენმა და ყოფილმა დეპუტატმა ბესლან ბუთბამ – 8%-მდე და უნივერსიტეტის პროფესორმა ვიტალი ბგანბამ – 1.5%.

”აფსნიპრესი” იტყობინება რეგიონის ცესკოზე დაყრდნობით, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 73% შეადგინა.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ”ამორალური კომედიაა”.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ თბილისი აკვირდება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, თბილისი ინდეფერენტულად არ არის განწყობილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მისთვის სულერთი არაა, თუ აფხაზური მხრიდან ვისთან მოუწევს საუბარი იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება.

”მე ვფიქრობ, რომ დარჩა ისევ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო კომფორტულია ამ ეტაპზე რუსეთისთვის და იმედია, ჩვენთვისაც რაღაცა ფორმით კომფორტული იქნება მასთან ურთიერთობა,” – განუცხადა იაკობაშვილმა ”რუსთავი 2”-ს 14 დეკემბერს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 12 დეკემბერს, რომ ”აფხაზეთში მოკალათებული საოკუპაციო რეჟიმი აწყობს მორიგ სპექტაკლს სახელწოდებით "საპრეზიდენტო არჩევნები”, რომლის ფარგლებშიც მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ შერჩეულ კრეატურას მარიონეტული რეჟიმის "პრეზიდენტად" დაასახელებენ”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button