skip to content
ახალი ამბები

აფხაზური ცესკო არჩევნებს ჩატარებულად აცხადებს

სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 12 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

”აფსნიპრესის” ცნობით, ადგილობრივი დროით 19:30 საათისთვის, საარჩევნო უბნების დახურვამდე ნახევარი საათით ადრე, ამომრჩეველთა 64%-ზე მეტი იყო მისული საარჩევნო უბნებზე. 

რეგიონის ლიდერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ამჟამინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში; სეპარატისტული რეგიონის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა; ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ბესლან ბუთბა, რომელიც ამჟამად ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერია; აფხაზეთის სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელი ზაურ არძინბა და მეცნიერი ვიტალი ბგანბა.

ხაჯიმბამ, ბუთბამ და არძინბამ განაცხადეს, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი გაგრის, გუდაუთის და გალის რაიონებში.

”დარღვევების დიდი რაოდენობა შესაძლოა დაძაბულობის დეტონატორი გახდეს,” – განაცხადა ხაჯიმბამ.

ხუთი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის მწვავე დაპირისპირება აფხაზეთში პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა, რომელიც შემდეგ ძალაუფლების გაყოფის შესახებ გარიგებით დასრულდა.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ”ამორალური კომედიაა”.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ თბილისი აკვირდება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, თბილისი ინდეფერენტულად არ არის განწყობილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მისთვის სულერთი არაა, თუ აფხაზური მხრიდან ვისთან მოუწევს საუბარი იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 12 დეკემბერს, რომ ”აფხაზეთში მოკალათებული საოკუპაციო რეჟიმი აწყობს მორიგ სპექტაკლს სახელწოდებით "საპრეზიდენტო არჩევნები”, რომლის ფარგლებშიც მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ შერჩეულ კრეატურას მარიონეტული რეჟიმის "პრეზიდენტად" დაასახელებენ”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button