skip to content
ახალი ამბები

კონსერვატორებმა მერის კანდიდატად ზვიად ძიძიგური დაასახელეს

კონსერვატიულმა პარტიამ მერობის კანდიდატად პარტიის ლიდერის ზვიად ზიძიგურის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც, პარტიის თქმით, შიდა ოპოზიციურ წინასწარ არჩევნებში, ე.წ. ”პრაიმერში” მიიღებს მონაწილეობას.

”ჩვენი კანდიდატი აუცილებლად მიიღებს იმ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობას, რომელსაც წინასწარი არჩევნების გზით ოპოზიციური ერთობის დაფიქსირება ჰქვია და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ერთიანი კანდიდატი გამოიკვეთოს," განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიის შეკრების წინ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, პრაიმერი სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს ჩატარდება და ”ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი კანდიდატი, ხალხის პარტიის კანდიდატი,  ალიანსის კანდიდატი და კიდევ სხვა კანდიდატები მონაწილეობდენ აი ამ შიდა წინასწარ არჩევნებში და ის, ვინც მიიღებს მხარდაჭერას, ის დარჩება ერთიანი კანდიდატი”.

პრაიმერის ჩატარება ოპოზიციონერ კოლეგებს კონსერვატორებმა 11 სექტემბერს შესთავაზეს.

ალიანსმა საქართველოსთვის მერობის კანდიდატად ირაკლი ალასანია დაასახელა, ასევე არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის ჯერ ”პრაიმერში” მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ”აუცილებლად ჩატარდება”. ირაკლი ალასანიამ შიდა ოპოზიციური არჩევნების ჩატარებას ”სწორი იდეა” უწოდა,  თუმცა ალიანსის ზოგიერთი წარმომადგენელი პრაიმერის იდეას სკეპტიკურად უყურებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button