ახალი ამბები

დროებითი საპარლამენტო კომისია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზებს შეისწავლის

დღეს პარლამენტმა 78 ხმით 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას.

კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც საგამოძიებო უფლებამოსილებით არ იქნება აღჭურვილი, ცოტა ხნის წინ ქართული დასის ლიდერი, დეპუტატი ჯონდო ბაღათურია გამოვიდა. მისი თქმით, კომისია პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას მისცემს 1992 წელს ”იარაღის ძალით ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობას” და ასევე შეისწავლის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს. 

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ორი სავარაუდო ვერსია არსებობს: ერთი ის, რომ იგი მოკლეს და მეორე, რომ თითქოს თავი მოიკლა.

კომისიის შექმნის ინიცირებას მხარი 41-ზე მეტმა დეპუტატმა დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობიდან.

ქართული პრესა ბოლო პერიოდში წერდა, რომ ამ კომისიის შექმნით ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში პარტია თავისუფლების ლიდერი და პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია დააბრუნოს, რომელიც მედიის ცნობით, ახლდაშექმნილი კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილება.

კონსტანტინე გამსახურდიამ,  მისი სხვა 11 ოპოზიციონერი კოლეგის მსგავსად, უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე 2008 წლის მაისის არჩევნების ”გაყალბების” გამო. პირველი სპეკულაციები პარლამენტში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ მაშინ გაჩნდა, როდესაც პარლამენტმა სექტემბერში მიიღო პრეზიდენტის საკონსტიტუციო ინიციატივა ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების აღდგენასთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობამ საჯაროდ განაცხადა უარი საპარლამენტო მანდატების აღდგენის შეთავაზებაზე, რაზეც მიმართვის ვადა მათთვის 2010 წლის 1 იანვრითაა განსაზღვრული. ჯერ-ჯერობით კონსტანტინე გამსახურდიას თავის გეგმებზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია; თუმცა მისი პარტიის წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე პრესის ფურცლებიდან უკვე მიესალმა საპარლამენტო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button