ახალი ამბები

რეზერვის ახალი სისტემის ხედვა

საქართველოს რეზერვის სამსახურის ახალი სისტემის შექმნა ორიენტირებული იქნება ”ხარისხზე და არა რაოდენობაზე”; საწყის ეტაპზე I კლასის რეზერვის რაოდენობა უნდა იყოს შედარებით მცირერიცხოვანი, დაახლოებით 3000 კაცი, ნათქვამია ეროვნული გვარდიის ახალ ხედვაში, რომელიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

არსებული სისტემით, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ არაეფექტურად ცნო, სარეზერვო ძალებში სამსახური ითვალისწინებს 18-დღიან სავალდებულო მოსამზადებელ კურსს წელიწადში ერთხელ.

”აუცილებელია არსებული შესაძლებლობების ანალიზი და ნაკლოვანებების დადგენა,” – ნათქვამია ეროვნული გვარდიის ხედვაში, ”აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რეზერვის ახალი სისტემის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალისტურად არსებულ რესურსებზე, ხარისხზე, მის ეფექტიანობაზე და არა რეზერვისტთა რაოდენობაზე”. 

თავდაცვის სამინისტრომ 2007 წლის მარტში განაცხადა, რომ ყოველწლიურად 20 000 რეზერვისტს მოამზადებდა, რათა 2012 წლისთვის ქვეყანას 100 000 რეზერვისტი ჰყოლოდა. ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის 2 აპრილს განაცხადა: ”მთელი ქვეყანაა მზად იმისათვის, რომ საქართველოს ჰყავდეს უახლოეს პერიოდში მინიმუმ 100 000-კაციანი, ბოლომდე აღჭურვილი, მომზადებული სარეზერვო ძალები”.

ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, 2007-2008 წლებში სულ 28 000 ადამიანმა გაიარა რეზერვის სამსახურის მოსამზადებელი კურსი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2006 წელს კი 8 000 რეზერვისტმა გაიარა მომზადება.

ახალი ინიაციტა, რომელიც ძალაში 2010 წლიდან შევა (მანამდე პარლამენტმა რამოდენიმე საკანონმდებლო ცვლილება უნდა მიიღოს), ითვალისწინებს რეზერვის სამსახურის დაყოფას სავალდებულო და ნებაყოფლობით სისტემებად.

სავალდებულო რეზერვი დაკომპლექტდება სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი 45 წლამდე პირებისგან, ნებისმიერი წოდებისა და სქესის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისაგან. ნებაყოფლობით რეზერვს შეუძლია მიმართოს ყველა იმ მოქალაქემ, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი, მათ შორის 2007-08 წლებში სარეზერვო სამსახურგავლილ რეზერვისტს, ვისაც აქვს სურვილი კვლავაც იმსახუროს რეზერვში.

სარეზერვო სამსახურში ჩარიცხვისას რეზერვისტთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის თანახმადაც რეზერვისტი წელიწადში ერთხელ 45-დღიან მოსამზადებელ კურსს გაივლის. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ის შესაძლოა დამატებით 5 დღით გამოიძახონ წელიწადში ერთხელ.

ახალი სისტემით მომზადებულ რეზერვისტს, რომელიც ოთხწლიან საკონტრაქტო ვადას დაასრულებს და საკონტრაქტო სამსახურით გათვალისწინებულ საბრძოლო მომზადების კურსს გაივლის, დაერქმევა I კლასის რეზერვისტი.

”ამ ეტაპზე I კლასის რეზერვის რაოდენობა უნდა იყოს შედარებით მცირერიცხოვანი (დაახლოებით 3000 კაცისა),” – ნათქვამია ეროვნული გვარდიის ხედვაში.

რეზერვისტებს დაევალებათ ოპერაციების მხარდაჭერა, არაკონვენციური მოქმედებები, ასევე სიტუაციების მიხედვით დეცენტრალიზებული ოპერაციების წარმოება.

დოკუმენტი, რომელიც ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსმა და ყოფილმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ზურაბ არსოშვილმა 13 ოქტომბერს სამხედრო ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილა, თავად ეროვნული გვარდიის სტრუქტურულ რეფორმირებასაც ითვალისწინებს.

ეროვნული გვარდიის ექვსი ბაზის ნაცვლად დარჩება სამი – სენაკში, თელავში და თბილისში. ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევა მისი ”მუდმივი პერსონალი” და რეზერვის სამსახური.

დოკუმენტის თანახმად, გვარდიის ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა ეროვნული გვარდიის თბილისისა და რეგიონული წარმომადგენლობების შექმნა.  დოკუმენტის თანახმად, რეგიონული წარმომადგენლობების ერთ-ერთი ამოცანაა ”მოსახლეობის რეალური რაოდენობის, განწყობის, შეხედულებების აღწერა და ანალიზი” მოცემულ რაიონში.

რეგიონულ წარმომადგენლობებს ასევე დაევალებათ: თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი საწარმოებისა და სტრატეგიული ობიექტების აღწერა და შესწავლა და ასევე ევაკუაციის გეგმის შემუშავება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

Back to top button