
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გააფართოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს 15 წევრამდე გაზრდის თაობაზე.
ამასთან, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით უფლებამოსილება უნარჩუნდებათ საბჭოში უკვე არჩეულ რვავე წევრს, მისი თავმჯდომარის ჩათვლით. ამდენად, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, საბჭოს შესავსებად დამატებით კიდევ შვიდი კანდიდატის არჩევა იქნება საჭირო.
საბჭოში ამჟამად ოპოზიციის არცერთი კანდიდატი აღარ არის დარჩენილი მას შემდეგ, რაც ოთხმა წევრმა გადადგომის შესახებ განცხადებები აპრილში გააკეთეს არხის მიერ საპროტესტო აქციების არასრულყოფილად გაშუქების გამო.
22 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა: ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზოგადად წინააღმდეგი ვართ ამ საკითხის პოლიტიზირების, გავაღეთ კარი და ოპოზიციას მივეცით საშუალება წარმომადგენლები ჰყავდეთ [სამეურვეო საბჭოში]”.
თუმცა კანონპროექტში არაფერია ნათქვამი, თუ როგორ მოხდება კვოტების გადანაწილება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ანდა თუ იქნება საბჭოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შერჩეული წევრი. ამგვარ კვოტირებაზე პრეზიდენტი სააკაშვილი 20 ივლისს პარლამენტში თავის გამოსვლაში საუბრობდა, როცა ის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეორგანიზაციის ინიციატივით გამოვიდა. სწორედ ეს განცხადება დაედო საფუძვლად აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადებას.
სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს. მისი უფლებამოსილება ამ კუთხით შეზღუდულია და მოიცავს მხოლოდ არხის ძირითადი საპროგრამო მიმართულებების განსაზღვრას, ასევე მონაწილეობას გენერალური დირექტორის არჩევის საქმეში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)