skip to content
ახალი ამბები

რუსეთი დააკავებს აფხაზეთის ”საზღვრის” დამრღვევ გემებს

რუსეთის სანაპირო დაცვა დააკავებს იმ ქართულ გემებს, რომლებიც სეპარატისტული აფხაზეთის ”საზღვარს” დაარღვევენ, განაცხადა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიქტორ ტრუფანოვმა 15 სექტემბერს პრესკონფერენციაზე.

”რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმებულია შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის თაობაზე, ამ უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ჩვენ,”- იტყობინება ”იტარ-ტასსი” ტრუფანოვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”თუ იქნება საზღვრის დარღვევა, ჩვენ დავაკავებთ გემებს და მივიღებთ შესაბამის ზომებს”.

28 აგვისტოს რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ევგენი ინჩინმა და ასევე სეპარატისტული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსმა ზურაბ მარგანიამ გააკეთეს იდენტური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში მიმავალ გემებს რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთობლივად დაიცავენ.

საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ეს განცხადება და 1 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზღვაო სამართლის 1982 წლის კონვენციით საქართველოს მინიჭებული აქვს უფლება ”მიიღოს ზომები ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონაში, რათა აღკვეთოს რუსეთის მხრიდან ტერიტორიულ ზღვაში საბაჟო, საემიგრაციო და სხვა კანონების ან წესების დარღვევა და დასაჯოს ეს ქმედება”.

2 სექტემბერს აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზური ძალები დამოუკიდებლად გაანადგურებენ ყველა იმ ქართულ გემს, რომელიც ”აფხაზეთის საზღვარს დაარღვევს”, რასაც 3 სექტემბერს მოჰყვა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადება, სადაც მან გააფრთხილა, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთში მიმავალი გემების დაკავებამ შესაძლოა ახალი შეიარაღებული ინციდენტები განაპირობოს.

ე.წ. საზღვარო დაძაბულობა აგვისტოში წარმოიშვა, მას შემდეგ რაც საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთისკენ და აფხაზეთიდან მომავალი ორი გემი დააკავა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის მოტივით. ეს კანონი კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რაიმე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას ქართული მხარის თანხმობის გარეშე. წელს ამ მოტივით ქართულმა მხარემ სულ ოთხი გემი დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button