ახალი ამბები

ობამამ და მედვედევმა საქართველოზე ისაუბრეს

4 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, აშშ–ის და რუსეთის პრეზიდენტებმა საქართველოში შექმნილი სიტუაცია და „რეგიონში დაძაბულობის შემცირების აუცილებლობა“ განიხილეს, იტყობინება თეთრი სახლი.

ასევე 4 აგვისტოს მედვედევსა და ობამას შორის გამართული საუბრის შედეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმავე საკითხზე პრეზიდენტ სააკაშვილს დაურეკა. 

კრემლის ცნობით პრეზიდენტებმა ობამამ და მედვედევმა „ერთი წლის წინანდელი საქართველოს კრიზისის გაკვეთილების შესახებ გაცვალეს მოსაზრებები.“

ამერიკული და რუსული მხარეების ცნობით სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ მედვედევის ინიციატივით შედგა, რათა მას პრეზიდენტ ობამასთვის დაბადების დღე მიელოცა.

„პრეზიდენტმა ობამამ კვლავ დაადასტურა კრიზისის მენეჯმენტის მექანიზმის შექმნის მნიშვნელობა – ისეთის როგორიც არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მეზანისმი; მან [ობამამ] ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო მონიტორების ყოფნის აუცილებლობას,“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, ორმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების საკითხები; ხოლო კრემლის ინფორმაციით საუბრისას ასევე იყო განხილული სიტუაცია ახლო აღმოსავლეთსა და ირანში.

თეთრი სახლი ასევე იტყობინება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა ”შეშფოთება გამოხატა დაძაბულობის ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარემ თავიდან უნდა აიცილოს მადესტაბილიზირებელი ქმედებები”.

”მან ასევე ხაზი გაუსვა ობიექტური საერთაშორისო მონიტორინგის მისიის არსებობის მნიშვნელობას, რომელაც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ექნება შესვლის უფლება,” – იტყობინება თეთრი სახლი.

ბაიდენმა ასევე ”გაიმეორა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიის მიმართ”.

ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში თბილისმა და ცხინვალმა ერთმანეთი ცეცხლის გახსნაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს; თუმცა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ეს ბრალდებები არ დაუდასტურებია.

4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები სამხრეთ ოსეთში მაღალ საბრძოლო მზადყოფნაზე არიან გადაყვანილები და ეს იმით ახსნა, რომ საქართველოს მხრიდან „პროვოკაციები არ წყდება.“

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button