ახალი ამბები

თბილისი მზად არის ზემო ლარსის გახსნაზე მოლაპარაკებებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ”მოლაპარაკებები ხვალვე დაიწყოს”.

მინისტრის თქმით, რუსეთის მხარისთვის შეთავაზებული იქნა ნეიტრალური ადგილი მოლაპარაკებების გასამართად ”ყაზბეგსა და ლარსს შორის”, მაგრამ ”ჯერ-ჯერობით შვეიცარიის საელჩოს და არც ჩვენს სამინისტროს არავითარი ინფორმაცია არ მიუღია”.

”მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ შვეიცარიის საელჩოს საშუალებით შემოგვთავაზა ამ მოლაპარაკებების დაწყება და დაუყოვნებლივ მიიღო დადებითი პასუხი ქართული მხარისგან ჩვენ ველოდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი არ ხდება,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ 8 ივნისს.

26 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვმა შეატყობინა თბილისს, რომ მზად არის ხელახლა გახსნას ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც სარემონტო სამუშაოების მოტივით რუსულმა მხარემ 2006 წლის ივლისში დახურა. ამან გამოიწვია ერთადერთი ლეგალური სახმელეთო მიმოსვლის შეჩერება საქართველოსა და რუსეთს შორის, რადგან ორი დანარჩენი გამშვები პუნქტი თბილისის მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განთავსებული. ლარსის ჩაკეტვამ გარკვეული ზიანი მიაყენა სომხეთსაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button