
შსს აღიარებს 6 მაისის ინციდენტის დროს არალეტალური ტყვიების გამოყენებას
აქციის მონაწილეს ხელის გულზე უდევს ის ტყვია, რომელსაც მომიტინგეების თქმით, პოლიცია ისროდა. ფოტო: ინტერპრესნიუსი.
|
თავდაპირველი უარყოფის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ 6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეებთან მომხდარი დაპირისპირების დროს არალეტალური ტყვიები გამოიყენა.
ათობით მომიტინგე, მათ შორის რამოდენიმე ოპოზიციის ლიდერი (რომელთა უმეტესობასაც თავის არეში მოხვდა ტყვია), დაშავდა ინციდენტის დროს, ხოლო ორმა მომიტინგემ, ამ ტიპის ტყვიების მოხვედრის შემდეგ, ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგეს.
ე.წ. არალეტალური ტყვიები, რომელიც ინციდენტის ადგილზე იქნა ნაპოვნი, ვიზუალურად ძალიან გავდა იმ ტყვიებს რომლებიც გამოიყენება 18 მილიმეტრიანი კალიბრის FN 303 არალეტალური ტყვიების სასროლ საშუალებებში. ამ არალეტალური იარაღის დამამზადებელი კომპანიაა FN Herstal-ი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქამდე უარყოფდა, რომ მათ გამოიყენეს რეზინის ან რაიმე სხვა სახის ტყვიები. 7 მაისს Civil.Ge-ს პირდაპირ შეკითხვაზე – გამოიყენა თუ არა პოლიციამ FN 303-ის ტიპის სასროლი საშუალება, შსს-ის წარმომადგენელმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე და ეს იმით ახსნა რომ შეიარაღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომფიდენციალური იყო.
ჟურნალ ”ლიბერალი”-ს ამ კვირის ნომერში გამოქვეყნებულა სტატია, სადაც ნათქვამია რომ შსს-მ მის ჟურნალისტს აჩვენა ორი სახეობის იარაღი, რომელიც პოლიციამ 6 მაისს გამოიყენა. ერთ-ერთი მათგანი იყო ALSL6, რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის (რომელიც პოლიციამ 2007 წლის 7 ნოემბერსაც გამოიყენა), ხოლო მეორე არის FN 303 ტიპის იარაღი, რომელიც რეზინის ტყვიებისგან განსხვავებული ტიპის არალეტალურ ტყვიებს ისვრის (ნაჩვენებია ზემოთ სურათზე).
”ჩვენი ოფიციალური პოზიცია იყო, არ გვეთქვა ამის შესახებ, რადგან არ დაგვეძაბა სიტუაცია,”- განუცხადა შოთა უტიაშვილმა, შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ჟურნალ ”ლიბერალს”.
FN 303 ტიპის არალეტალური ტყვიების სასროლი საშუალებების უსაფრთხო მოქმედებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების თანახმად, მსროლელმა თავიდან უნდა აიცილოს ტყვიის თავში დამიზნება. თუმცა, ”ლიბერალი” წერს შსს-ის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ამ იარაღის დამიზნება თავის არეში არ შეიძლება.
”ბნელოდა და სპეცნაზის წევრები ადამიანების ტანის მხოლოდ ზედა ნაწილს ხედავდნენ,”- განუცხადა ჟურნალს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)