ახალი ამბები

ბურჯანაძე: ხელისუფლება ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს

ხელისუფლება ცდილობს განხეთქილება შეიტანოს აპრილის საპროტესტო აქციების ორგანიზატორ პარტიებში, თუმცა ეს მცდელობები ჯერ-ჯერობით უშედეგოა, განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

”ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ რომელიმე ოპოზიციური ძალა გამოეყოს ამ ერთიანობას, ხელისუფლებას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ განხეთქილება შემოიტანოს ოპოზიციაში და სხვადასხვა მეთოდებით ზოგი პოლიტიკური, ზოგი ძალიან არაპოლიტიკური მეთოდებით, ამას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ამას ვერ შეძლებს,”- განაცხადა მან, ”ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ამ მცდელობებს ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით და მე მგონი ძალიან უსიამოვნო სიურპრიზია [ხელისუფლებისთვის], რომ სრულიად ოპოზიცია ერთმანეთის გვერდით დგას და დგას საზოგადოების გვერდით, რომლის მოთხოვნა არის პრეზიდენტის გადადგომა”.

ბურჯანაძემ ეს განცხადება ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას პოზიციასთან დაკავშირებით.

ალასანიამ დღეს დილით განაცხადა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის შემთხვევაში ”პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი”, პრეზიდენტის”გადადგომის” საკითხი იდგება,  ”მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მეორე მხარის მხრიდან, თუ თავად როგორ ფიქრობს კრიზისიდან გამოსვლას”. 

ამ განცხადებაზე დაყრდნობით ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ალასანია მზადაა სხვა საკითხებზეც ისაუბროს დიალოგის ფარგლებში. მოგვიანებით, გამართულ პრესკონფერენციაზე ალასანიამ მედიას მისი პოზიციის ინტერპრეტირებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და განმარტა: ”ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და მივიტანოთ მასთან ხალხის ნება. ასევე მზად ვართ მისი მხრიდან მოვისმინოთ საპასუხო არგუმენტები”.

”ამაში კრიმინალური არაფერია,”- განაცხადა ბურჯანაძემ ალასანიას განცხადების კომენტირებისას, ”როცა ადამიანს ელაპარაკები –  შენ ეუბნები შენსას, ის გეუბნება თავისას და შენ იცავ შენს პოზიციას. მე დარწმუნებული ვარ ოპოზიცია დაიცავს იმ პოზიციას, რასაც პრეზიდენტის გადადგომა ქვია. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მე არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებ უკან დახევას და იგივე განწყობა მესმის ოპოზიციის ლიდერების მხრიდან”.

მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ არავინ ოპოზიციური პარტიებიდან პოზიციას არ შეიცვლის ”ხვალ და ზეგ” იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი საკითხი, რომლის შესახებაც შეიძლება გაიმართოს საუბარი, არის ”პრეზიდენტის უსწრაფესი და უმტკივნეულო გადადგომა”.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ, რომელიც ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში ასევე შეხვდა პიტერ სემნების, განაცხადა, რომ ”სააკაშვილმა ამოწურა თავისი რესურსი” და ”მხოლოდ მშვიდობიანი წასვლა შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ არა ის, რომ მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ შეიცვლება”.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ”რაიმე ტიპის დიალოგზე საუბარი შეუძლებლია, როცა წინაპირობა კრიმინალური გამოხტომებია ხელისუფლების მხრიდან”. მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციის აქტივისტებზე გახშირებული თავდასხმების ფაქტები.

დღესვე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები გამართეს ეროვნული ფორუმისა და ასევე ალიანსი თავისუფლებისთვის ლიდერებმა.

ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის თემა უნდა იყოს ”ისეთი რამ, რაც საკმარისი, დამაკმაყოფილებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იდგნენ, დგანან და იდგებიან ქუჩაში”.

”საუბარი, რომელიც უნდა შედგეს, უნდა იყოს არა მსოფლიო კრიზისის დაძლევაზე, არამედ რეალურად ხელისუფლების შეცვლის თაობაზე,”- განაცხადა მან, ”აუცილებელია ყველამ ნახოს, რომ საქართველო მთლიანია ამ მოთხოვნაში”.

”საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ სააკაშვილი დარჩეს თანამდებობაზე და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოხდეს მისი გადადგომა, ჩვენ ამის კონსტიტუციური უფლება გვაქვს,” – განუცხადა შეხვედრიდან გამოსულმა კონსტანტინე გამსახურდიამ, პარტია თავისუფლების ლიდერმა ჟურნალისტებს. 

”მათგან [ევროკავშირისგან] საპასუხო წინადადებაა, რომ გარდა ერთი მოთხოვნისა -პრეზიდენტის გადადგომისა, ამავე დროს დავდოთ სქემა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ. ჩვენი კოალიცია ამ სქემას წარმოუდგენს მათ,”- განაცხადა მომავლის პარტიის ლიდერმა გია მაისაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ.

პიტერ სემნები დღეს დილიდან მართავდა ცალკ-ცალკე შეხვედრებს ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან. დღეს საღამოს ასევე იგეგმება მისი შეხვედრა ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან გიორგი თარგამაძესთან.

 

მსგავსი/Related

Back to top button