ახალი ამბები

ოპოზიცია ”საკნების” არეალს აფართოვებს

საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, 14 აპრილი. ფოტო: Civil.Ge

ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს კიდევ უფრო გააფართოვონ საპროტესტო აქციების გეოგრაფიული არეალი და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ რვა საკანი ისე ჩადგეს, რომ შედეგად კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, თუმცა გამთენიისაც ქუჩაზე მოძრაობა აღდგა.  

ეს ქმედება ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამოყენებული ტაქტიკის ანალოგიურია, სადაც 14 აპრილს ოცდაოთხსაათიანი აქციების ფარგლებში ათობით კარავი გაიშალა.

იმპროვიზირებული საკნები გაგრძელებაა პოპულარული ”საკანი #5”-ის – გადაცემის, სადაც მომღერალმა ”უცნობმა” იანვარში თავისი ნებით აღიკვეთა თავისუფლება და სატელევიზიო საკნის დატოვებას მანამ არ აპირებს, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ გადადგება. მისმა შოუმ ძალიან დიდი როლი ითამაშა ოპოზიციური აქციების აგორებაში. რამდენიმე დღის წინ მან მოუწოდა თბილისის ქუჩებში საკნების კამპანიის დაწყებისაკენ.

დემონსტრაციის მთავარ ადგილად კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია.

14 აპრილს დღის 3 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბა რამოდენიმე ათასი მომიტინგე აქციის მეექვსე დღეს, თუმცა მათი რაოდენობა ორშაბათთან შედარებით ნაკლები იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ წასვლამდე, მომიტინგეთა ერთი ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრა, რათა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი დემონსტრაციების 31 წლის იუბილე აღენიშნა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციები წინა დღეებშიც გაიმართა, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე საათით.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელთან აქციის უშუალო ორგანიზატორები იქნებიან ალიანსი საქართველოსთვის და ლევან გაჩეჩილაძე.

”დღეს ახალი კერა გაიხსნება ტელევიზიასთან, კოსტავას გამზირი გადაიკეტება, დაიდგმება 10 საკანი,”- განაცხადა გამყრელიძემ. 

აქციაზე საუბრისას გამყრელიძემ გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი, რადგანაც მან არ გამოყო საკმარისი საეთერო დრო აქციების გასაშუქებლად. ტელეკომპანიები ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”პირველი არხი” საპროტესტო აქციების პირველ დღეს ინტენსიურად აშუქებდნენ, თუმცა, მომდევნო დღეებში მათ საგრძნობლად შეამცირეს აქციების გაშუქება. გამყრელიძის განცხადება ოპოზიციის გეგმების თაობაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16:00 საათზე თავის საინფორმაციო გადაცემაში გააშუქა.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ მანიფესტანტების მეორე ნაწილი კონსერვატიული პარტიის, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ხალხის პარტიის ლიდერობით დაიძრება პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რომლის 24-საათიანი ”პიკეტირება” გუშინ დაიწყო; ხოლო დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, საქართველოს გზა, ალიანსი თავისუფლებისთვის პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ განაგრძობენ მიტინგს.

გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად 3 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება საინფორმაციო მიტინგები, სადაც სამოქმედო გეგმები გაჟღერდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button