სააკაშვილი: დაღუპული ჯარისკაცების საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ”ნებისმიერ შემთხვევაში” ბოლომდე უნდა მიიყვანოს ის საქმე, რასაც აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცები შეეწირნენ.
”ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ მშვიდობას უნდა დაცვა,”- განუცხადა მან ომში დაღუპული სამი ჯარისკაცის მეუღლეს,”ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოვალეობაა მათი საქმე მივიყვანოთ ბოლომდე ნებისმიერ შემთხვევაში. საქართველო არასოდეს არ შეეგუება იმას, რაც მტერმა ჩვენს ტერიტორიაზე დაამკვიდრა. ჩვენ გადავარჩინეთ დედაქალაქი, ჩვენ, თქვენმა მეუღლეებმა გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა და ჩვენ ყველამ ერთად მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ, განვავითაროთ და მშვიდობიანად გავაგრძელოთ”.
მან ამის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის თანდასწრებით გარდაცვლილი ჯარისკაცების მეუღლეებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
”რუსები მოდიოდნენ თბილისზე,”- განაცხადა მან, ”ეს იყო პუტინის პირველადი გეგმა, ეს იყო მისი სტრატეგია, ეს იყო მისი საბოლოო მიზანი. ის რომ ჩვენ გადავრჩით და ახლა ბევრად უფრო დაცულები ვართ, ეს თქვენი მეუღლეების სიცოცხლის ფასადაა”.
მან დაავალა თავდაცვის მინისტრს ”უკლებლივ” ყველა, 170 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს გადაეცეს ბინა თბილისში. სიხარულიძის განცხადებით, ბინები თბილისში აეროპორტის ტრასაზე შენდება.
”მიუხედავად იმისა სად ცხოვრობდა ადამიანი, საქართველოს რომელ რეგიონში, მან [დაღუპულმა ჯარისკაცმა] გადაარჩინა საქართველოს დედაქალაქი და ის იმსახურებს ბინა ქონდეს საქართველოს დედაქალაქში,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც საქართველოსთვის გაწირავს თავს, მისი ოჯახი იქნება დაცული, მოვლილი და ხელშეწყობილი და მის შვილებს და ოჯახებს სახელმწიფო მოუვლის”.
პრეზიდენტი 9 მარტს ასევე სტუმრობდა ომში გარდაცვლილი სამხედრო ექიმის ლერი ლაგურაშვილის ოჯახს.
”გუშინ ლერის ოჯახს ვუთხარი მე, რომ ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნებოდა, რომ მის ადგილას აღმოვჩენილიყავი და მის მაგივრად გამეწირა თავი და ამას იტყვის ნებისმიერი ჩვენი მინისტრი, ნებისმიერი ჩვენი თანამდებობის პირი იმიტომ, რომ ეს ტრაგედიაა, მაგრამ ასევე არის დიდი პრივილეგია – შენი სამშობლოსთვის მოკვდე,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მითუმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამითი გადარჩა და მომავალში საუკუნეების განმავლობაში ასე უნდა გააგრძელოს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)