
დეპუტატები საბჭოთა ოკუპაციის დღეს გამოეხმაურნენ
რუსეთის ოკუპაციაზე საქართველოს პასუხი უნდა იყოს შიდა ერთიანობა და კონსოლიდაცია, განაცხადეს დეპუტატებმა უმრავლესობიდან და უმცირესობიდან დღევანდელ სხდომაზე.
დეპუტატები გამოეხმაურენ 25 თებერვალს – 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის დღეს და პარალელები გაავლეს დღევანდელობასთან.
”არასოდეს არ უნდა დავუშვათ, რომ შიდა აშლილობამ, შიდა დაპირისპირებამ და ერთმანეთთან საუბრის უუნარობამ იმდენად დაასუსტოს ეს ქვეყანა, რომ მტერმა ისარგებლოს ამით,”- განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა.
დეპუტატ შოთა მალაშხიას განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ”ომი წააგო” და ახლა ფიქრობს ქვეყნის შიგნით ”გადატრიალებაზე” და სასურველი ხელისუფლების მოყვანაზე.
”ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ [1921 წლის 25 თებერვალს] წითელ არმიას შემოუძღვნენ ქართველები,”- განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა უმცირესობიდან გურამ ჩახვაძემ.
23 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა: "დღეს კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაკისრია ქართული სახელმწიფოს წინაშე, თუ რას ვაკეთებთ ქვეყნის უსაფრთხოების და წინსვლისთვის. თითოეული პოლიტიკოსი კარგად უნდა დაფიქრდეს, რათა თავისდაუნებურად არ გაიმეოროს სერგო ორჯონიკიძის საქციელი, რომელმაც საკუთარ კარიერას ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა შესწირა”.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სამანქანო სიგნალებით პროტესტისკენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა გუშინ მოუწოდა. ასევე ინტერნეტ-ჯგუფის ”რეაქციის” წევრებმა მიმართეს მასმედიის საშუალებებს ერთი დღით უარი ეთქვათ რუსული ფილმებისა და სიმღერების გაშვებაზე. რადიოსადგური ”საქართველოს ხმა”, რომელიც ეთერში ძირითადად რუსულ სიმღერებს უშვებს, შეუერთდა ამ მოწოდებას, თუმცა აღნიშნა, რომ ესაა მიმართული რუსული ოკუპაციის და არა კულტურის წინააღმდეგ.