ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბენდუქიძის შეცვლას გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გულაურმა განაცხადა, რომ იგი მთავრობის კანცელარიის უფროსის კახა ბენდუქიძის შეცვლას აპირებს.

6 თებერვალს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუში ”პოზიცია” საუბრისას ახალმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი ”პატივს სცემს” ბენდუქიძეს და ურჩევნია, რომ ის მისი მრჩეველი გახდეს ეკონომიკის საკითხებში.

კახა ბენდუქიძე, რომელმაც თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა, 2004 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მოიწვია საქართველოში და მთავრობის წევრობა შესთავაზა. რამდენიმე თვის მანძილზე ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის შემდეგ, 2004 წლის დეკემბერში იგი სახელმწიფო მინისტრი გახდა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში. 2008 წლის იანვარში ეს თანამდებობა გაუქმდა და ბენდუქიძე მთავრობის კანცელარიის უფროსად დაინიშნა. მინისტრის პორტფელის დატოვების შემდეგაც იგი კვლავ მოიაზრებოდა, როგორც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფიგურა. ბენდუქიძე ოპოზიციის კრიტიკის მუდმივი სამიზნეა.

2004 წელს, როცა ის ეკონომიკის მინისტრი, ხოლო ნიკა გილაური ენერგეტიკის მინისტრი იყო, ბენდუქიძემ, რომელიც ცნობილია არაეთიკური და უხეში გამონათქვამებით, გილაურს მთავრობის სხდომაზე “დებილი“ უწოდა.

6 თებერვალს დასმულ კითხვაზე, დარჩება თუ არა ბენდუქიძე ”გუნდის წევრად”, გილაურმა განაცხადა: ”მე დიდი სიამოვნებით მექნებოდა მასთან კონსულტაციები”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button