ახალი ამბები

რესპუბლიკელების და ახლების ალიანსი კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს

ხელისუფლება საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, როცა აცხადებს, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებით მიზნად ისახავს პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებათა დაბალანსებას, აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე.

”პირიქით შემოთავაზებული ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება პრეზიდენტის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე,”- განაცხადა მან 21 იანვარს ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომლის ინიცირება დეკემბერში მოხდა,  ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტი მხოლოდ ერთხელ შეძლებს პარლამენტის დათხოვნის უფლების გამოყენებას და მეორედ ამის გაკეთება მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე შეეძლება.

ალიანსი პროექტის იმ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ამბობს: ”პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში”.

”ამით პრეზიდენტს დამატებით ენიჭება უფლებამოსილება პარლამენტის დათხოვნის, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად,”- აცხადებს ხმალაძე, ”ეს გამოიწვევს პარლამენტის დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო შემცირებას და პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი დამატებით ბერკეტის  მიცემას”.

მისი თქმით, ეს დებულება ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობას ტოვებს, რადგან უშუალოდ არ არის მიბმული კონსტიტუციით განსაზღვრულ იმ ორ კონკრეტულ პირობასთან, როცა პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა შეუძლია. ეს შემთხვევებია: თუ პარლამენტი ვერ იღებს ბიუჯეტს  სამი თვის განმავლობაში ან სამი მცდელობის შემდეგ ვერ უცხადებს ნდობას ახალ მთავრობას.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ ამ ორ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლება და არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით.

პროექტის თანახმად, თუ პრეზიდენტს ერთი საპრეზიდენტო ვადის დროს მეორედ მოუნდება პარლამენტის დათხოვნა, მას რეფერენდუმის დანიშვნა მოუწევს. თუ პრეზიდენტის წინადადება რეფერენდუმზე არ გავა, მაშინ პარლამენტის დათხოვნის ნაცვლად რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.

”თუ რეფერენდუმმა მხარი არ დაუჭირა პარლამენტის დათხოვნას, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, პროექტის მიხედვით, ტარდება ისე, რომ მოქმედი პრეზიდენტი გადამდგარად არ ითვლება. ეს კი ნიშნავს, რომ მის ხელში რჩება მთელი სახელისუფლებო მანქანა, მისი ბერკეტებითურთ, რაც ჩვენს პირობებში დიდ უპირატესობას აძლევს მას ან მისთვის სასურველ პირს სხვა კანდიდატებთან შედარებით,”- აცხადებს ხმალაძე.

მისი თქმით, ასევე ”მორიგი დეკორაციული ფარსია” ცვლილება, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას და 30 დეპუტატს მთავრობის დათხოვნის ინიცირების უფლებას აძლევს, რადგან ”უცვლელი რჩება პრეზიდენტის უფლება, უნდობლობის პირველად გამოცხადების შემდეგ არ გადააყენოს მთავრობა, ხოლო მეორედ გამოცხადების შემდეგ დაითხოვოს პარლამენტი და შეინარჩუნოს მთავრობა”.

”ამგვარად, ხელისუფლების მიერ დიდი ზარზეიმით შემოთავაზებული კონსტიტუციური ცვლილებები “დემოკრატიის ახალი ტალღის” კარგად ნაცნობ სტილში გათამაშებული მორიგი პოლიტიკური ფარსია,”- აცხადებს ალიანსი.

ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების პოლიტიკური გაერთიანება უახლოეს დღეებში გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტის პრეზენტაციას, რომელშიც ხელისუფლების შტოებს შორის ”რეალური” ბალანსი იქნება გათვალისწინებული.

Back to top button