skip to content
ახალი ამბები

ოთხი ახალი ელჩი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტმა 16 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ახალი ელჩები დაამტკიცა.

ნინო ნაკაშიძე, ყოფილი დეპუტატი და პარლამენტის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წინა მოწვევის პარლამენტში, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაინიშნა ელჩად.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2009 წლის იანვრიდან იგი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

”ჩეხეთის რესპუბლიკაში რთული ვითარებაა. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი უმრავლესობა შენარჩუნდება ჩეხეთის პარლამენტში და ჩვენ კვლავაც გვექნება ჩეხეთის რესპუბლიკის ძლიერი მხარდაჭერა,” – განაცხადა მაჭავარიანმა.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ყოფილი კონსული ისრაელში ვლადიმერ კონსტანტინიდი კვიპროსში დაინიშნა ელჩად, ხოლო ვახტანგ ჯაოშვილი, რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ისრაელში გახდა საქართველოს ელჩი.

ზურაბ ჭუმბურიძე საქართველოს ელჩი გახდა უნგრეთსა და სერბეთში.

ასევე დაგეგმილია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაია საქართველოს ელჩი გახდება გაეროში. იგი ამ პოსტზე ირაკლი ალასანიას შეცვლის, რომელმაც განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ 4 დეკემბერს დაწერა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია, სავარაუდოდ, საქართველოს ელჩი გახდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ელჩებს თანამდებობების დატოვება 5 დეკემბერს მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მოსთხოვა. ”მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ საშუალება მივცე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ხელახლა განიხილონ ყველა ელჩის კანდიდატურა,” – განაცხადა ვაშაძემ 16 დეკემბერს. ”ელჩების 95% შეინარჩუნებს თავიანთ პოსტებს”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button