skip to content
ახალი ამბები

შვარცენბერგი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რეგიონის სტაბილურობის წინაპირობაა

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა განაცხადა ეუთოს მინისტერიალზე ჰელსინკში, რომ ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა აუცილებელი წინაპირობაა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.

2009 წლის იანვრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს. 
  
”საჭიროა საქმე და არა ორმაგი სტანდარტების არასწორი და არასანდო თეორიები და უსაფრთხოების საკითხებზე მცდარი შეხედულებები. ამ კუთხით, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ცალმხივი აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება,” – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში.

რუსეთი ხუთი პრინციპის საფუძველზე მომზადებული ახალი უსაფრთხოების კონცეფციის ინიციატივით გამოდის, 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის ჩანაცვლების მიზნით.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იმ ღირებულებების აღიარება, რომელზეც ეუთოს მუშაობაა დაფუძნებული, არის ერთადერთი გზა ევროპაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ”მოდით, თავს ნუ გავისულელებთ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების ახალი მოდელებით, როგორც ამას ზოგიერთები აცხადებენ, ვის მიერაც ამ ღირებულებების და პრინციპების დაცვა საკმაოდ საეჭვოა,” – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოში საქართველოში ”ყველაზე უხეშად დაირღვა გაეროს წესდებაში და ჰელსინკის დასკვნით აქტში გახმოვანებული ყველაზე ფუნდამენტური პრინციპები”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button