
სოხუმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ”შეიარაღებულ პროვოკაციებში” მონაწილეობას აბრალებს
რუსლან ქიშმარია, აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელი გალის რაიონში აცხადებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მონაწილეობდნენ 15 ნოემბერს ადმინისტრაციულ საზღვართან ”ქართული მხარის მიერ მოწყობილ შეიარაღებულ პროვოკაციაში”, რომლის დროსაც აფხაზური მხრიდან სროლებს ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ კატეგორიულად უარყო ეს განცხადება.
ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა 15 ნოემბერს წალენჯიხის რაიონში პატრულირებისას აფხაზური მხრიდან განხორციელებული სროლების შედეგად, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამავე ცნობით, ინციდენტი სოფელ ფახულანის მახლობლად მოხდა, ხოლო აფხაზები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ადგილზე დარჩათ ნაღმები, რომლის დადებასაც, როგორც ჩანს, აპირებდნენ. თუმცა, აფხაზური მხარის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზმა მესაზღვრეებმა აღკვეთეს ”ქართველ დივერსანტთა ჯგუფის” შესვლა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
”შაბათს ქართულ შეიარაღებულ დანაყოფებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ ევროკავშირის დამკვირვებლებიც. რა უფლება ჰქონდათ მათ მსგავსი ქმედების?” – იუწყება ”ინტერფაქსი” 17 ნოემბერს ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით.
ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა სტივ ბერდმა 17 ნოემბერს განუცხადა Civil.Ge-ს, რომ აფხაზური მხარის განცხადება ”არ არის მართალი”.
მისი თქმით, ინციდენტი ქართველების მიერ კონტროლირებად მხარეს, ადმინისტრაციული საზღვრიდან 40 მეტრის სიღრმეში მოხდა.
განცხადება ქართული ჯგუფის მიერ აფხაზეთში შესვლის მცდელობის აღკვეთის თაობაზე აფხაზურმა მხარემ 15 ნოემბერს გააკეთა; თუმცა, მაშინ მათ არაფერი თქვეს ევროკავშირის დამკვირვებლების მონაწილეობის შესახებ.
ევროპელი დამკვირვებლების შესახებ განცხადება აფხაზურმა მხარემ მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 16 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ეს ინციდენტი და განაცხადა, რომ ”ძლიერი სროლების” დროს ”რამდენიმე ტყვია მისიის პერსონალის მახლობლად დაეცა”. ”გაურკვეველია, მათ შეგნებულად დაუმიზნეს თუ არა [დამკვირვებლებს], მაგრამ ამგვარი ქმედება მიუღებელია,”- განაცხადა მისიამ.
”ბუნებრივია, აფხაზურმა დანაყოფებმა გააძევეს ქართველი სამხედროები აფხაზეთის ტერიტორიიდან,” – განაცხადა ქიშმარიამ 17 ნოემბერს. ”როგორც ჩანს, ზუსტად ამ დროს სროლებში მოყვნენ პროვოკაციაში მონაწილე ევროკავშირის დამკვირვებლებიც. ახლა კი გაჰყვირიან, რომ მათ აფხაზებმა ესროლეს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)