skip to content
ახალი ამბები

კოკოითმა ახალი მთავრობა დააკომპლექტა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად მინისტრთა უმრავლესობა შეცვალა.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შესაბამის ბრძანებებს 31 ოქტომბერს მოეწერა ხელი.

ახალ მთავრობაში პოსტები ვერ შეინარჩუნეს ბორის ჩოჩიევმა, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის ასლანბეკ ბულაცევის დანიშვნამდე, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა და ასევე წლების განმავლობაში კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებებში ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენელი იყო; და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა. თუმცა ახალ მთავრობაში კვლავ მოხვდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის თავმჯდომარეს ერთი პირველი მოადგილე და სამი მოადგილე ჰყავს – სამივეს იმავდროულად მინისტრების პოსტები უკავიათ. სულ მთავრობაში 17 მინისტრი შედის.

სამხრეთ ოსეთის ახლადდანიშნულ მთავრობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა

  • ასლანბეკ ბულაცევი – მთავრობის თავმჯდომარე – მანამდე მას 2006 წლიდან ჩრდილოეთ ოსეთში საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა;
  • ჰასან პლიევი – მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
  • თეიმურაზ ჩოჩიევი – მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი;
  • ნუგზარ გაბარაევი –  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების მინისტრი;
  • ელეონორა ბედოევა – მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის საქმეთა მინისტრი;
  • მურატ ჯიოევი – საგარეო საქმეთა მინისტრი – ბოლო წლების მანძილზე ეს პოსტი ეკავა დე ფაქტო მთავრობაში;
  • იური ტანაევი – თავდაცვის მინისტრი – რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი; მასზე ოსურ წყაროებსაც მწირი ინფორმაცია გააჩნიათ და მხოლოდ  მის რუსულ წარმოშობაზე მიუთითებენ;
  • ვალერი ვალიევი – შინაგან საქმეთა მინისტრი, იგი მდე ცხინვალის რაიონის მილიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა;
  • ანატოლი ბიბილოვი – სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის საქმეთა მინისტრი;
  • აცამაზ ბიჩენოვი – იუსტიციის მინისტრი;
  • ალან კოლიევი – ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის მინისტრი;
  • გიორგი კაბისოვი – კავშირგაბმულობისა და ინფორმატიზიციის მინისტრი;
  • იგორ ბეპიევი –  ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
  • სერგეი პარასტაევი – მიწისა და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი;
  • ვიტალი ძერანოვი – ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი;
  • ჯამბოლატ კოზაევი – სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი;
  • ანატოლი კურსაევი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ცენტრს ხელმძღვანელობდა;
  • ტამერლან ძუდცოვი – კულტურის მინისტრი;
  • ირინა გაგლოევა – ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრი – გაგლოევა დიდი ხნის განმავლობაში ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანასკნელი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროდ გარდაიქმნა.

გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე ბოლშაკოვი, რომელსაც 2005 წლიდან რუსეთის ულიანოვსკის ოლქში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა ეკავა და იმავე ოლქში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

კოკოითმა მთავრობა ყოფილი პრემიერის იური მოროზოვის ხელმძღვანელობით აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 18 აგვისტოს დაითხოვა, რადგან, როგორც კოკოითმა განაცხადა ”ვერ უმკლავდებოდა ამოცანებს კრიზისულ სიტუაციაში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button