skip to content
ახალი ამბები

HRW მოუწოდებს ევროკავშირს ზეწოლა მოახდინოს დევნილთა დაბრუნების საკითხზე

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში Human Rights Watch (HRW)-მა მოუწოდა ევროკავშირს ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გაამახვილოს დევნილთა უფლებაზე დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

”ჩვენ განსაკუთრებით გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ეთნიკური ქართველები, რომელთა სახლებიც ცხინვალის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ეთნიკურ ქართულ სოფლებშია, ვერ იყენებენ ამ უფლებას,” – ნათქვამია წერილში. ”სახლები ამ სოფლებში სისტემატურად იძარცვებოდა და იწვებოდა აგვისტოსა და სექტემბერში, ზოგიერთი მათგანი მთლიანად განადგურებულია”.

”ბევრმა ადამიანმა თავიანთი სახლები ქართული შეიარაღებული ძალების მიერ 7 აგვისტოს შეტევის დაწყებისას დატოვა, ამჟამად მათ არ გააჩნიათ სახლები, რომ უკან დაბრუნდნენ; დაბრუნების შემთხვევაში კი მათ დაცვის და უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ აქვთ,”- აცხადებს HRW.

წერილს ასევე თან ახლავს HRW-ის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის დასკვნებს და კვლევებს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

”ქართულმა, რუსულმა და ოსურმა ძალებმა, ყველამ დაარღვია ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართალი კონფლიქტის დროს, როგორც ეს მოკლედაა შეფასებული მიმაგრებულ მემორანდუმში,” – ნათქვამია წერილში, ”ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა შეიქმნას ამ დარღვევების ამომწურავი ნუსხა და პასუხისგებაში მიეცენ ისინი, ვინც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ზეწოლა მოახდინოს მხარეებზე, რათა მათ უზრუნველყონ სანდო და გამჭირვალე გამოძიება და პასუხისგება ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევებისთვის მათ მიერ მართულ ან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქმედი ძალების და ჯგუფების მიერ”.

ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა ევროკავშირს გააფართოვოს მისი სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში, რათა მან მოქალაქეთა დაცვაც მოიცვას.

”ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ შეუშვებენ სამხრეთ ოსეთში; თუმცა, იმედი გვაქვს, რომ თქვენ განაგრძობთ ზეწოლას სამხრეთ ოსეთში შესასვლელად, რათა უზრუნველყოთ იქ დარჩენილი ეთნიკური ქართველების დაცვა,” – ნათქვამია წერილში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button