skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მზადაა საქართველოში მონიტორინგის მისია განახორციელოს – სოლანა

ევროკავშირმა საკმარისი დაპირებები მიიღო თავისი წევრი სახელმწიფოებისგან იმისათვის, რომ შეიქმნას დამკვირვებლების 200-კაციანი ჯგუფი, რომელიც საქართველოში ოქტომბრის დასაწყისამდე განთავსდება, განაცხადა ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 13 სექტემბერს. 

”ჩვენ უამრავი დაპირება გაგვაჩნია და ჩვენ ამას გავაკეთებთ,” – განუცხადა სოლანამ ”როიტერს”. ”ჩვენ ამას გავაკეთებთ დროულად და ჩვენ ამას გავაკეთებთ სწორად”.

რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ 8 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსულმა ძალებმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ქართული ტერიტორიები 10 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ და ისინი ევროკავშირის დამკვირვებლებმა უნდა ჩაანაცვლონ.

”10 ოქტომბრისთვის [საქართველოს] ეს ნაწილი რუსული ძალებისგან დაცლილი იქნება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის,” – განაცხადა სოლანამ. ”ეს არის ის, რაც საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს უნდოდა და ეს არის ის, რაზე მოლაპარაკებასაც რუსებთან ვცდილობდით”.  

მან ასევე განაცხადა, რომ ”ევროპელები იქნებიან ყველგან” (მას არ უთქვამს ევროკავშირის დამკვირვებლები)საქართველოში, იქნება ეს ევროკავშირის ჯგუფთან, გაეროს დამკვირვებლებთან, თუ ეუთოსთან.

8 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, ეუთოს დამკვირვებლები განაგრძობენ მონიტორინგს სამხრეთ ოსეთის შიგნით იგივე მანდატით, რომელიც მათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჰქონდათ  – ეუთოს რვა უიარაღო სამხედრო დამკვირვებელი ჰყავდა ცხინვალში, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებდნენ ცხინვალიდან 15-კილომეტრიან რადიუსში.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება სივრცეს ტოვებს მანდატის შესაძლო ცვლილებისთვის,  ნებისმიერ ცვლილებას რუსეთის თანხმობა სჭირდება, რადგანაც გადაწყვეტილებები ეუთოს შიგნით კონსენსუსის გზით მიიღება.

გასულ თვეს ეუთომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში 100 დამატებითი დამკვირვებლის გამოგზავნის თაობაზე. 20 მათგანი უკვე ჩამოვიდა, თუმცა მათ არ აქვთ შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის შიგნით გააკონტროლონ სიტუაცია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარჩენილი 80 დამკვირვებლის განთავსების პირობების თაობაზე. Associated Press-ი იტყობინებოდა უცნობ დასავლელ დიპლომატზე დაყრნობით 12 სექტემბერს ვენიდან, სადაც ეუთოს შტაბბინაა განთავსებული, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩაიშალა, რადგანაც მოსკოვმა უარი თქვა დამატებითი 80 დამკვირვებლის გამოგზავნაზე.

ამავდროულად, გაეროს დამკვირვებლები, 8 სექტემბრის შეთანხმებით, შეძლებენ მონიტორინგის განხორციელებას აფხაზეთის შიგნით იმ მანდატით, რომელიც მათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჰქონდათ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button