ახალი ამბები

გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ერთიანდება

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური პროკურატურა შეუერთდება და გაერთიანებული უწყება საქართველოს მთავრობის ერთეული გახდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ივლისში იქნა ინიცირებული, დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის სხდომაზე მიიღეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად პროკურატურა თავის ”ბუნებრივ” ადგილს დაიკავებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში და პარლამენტს მისი კონტროლის მეტი მექანიზმი ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. პროკურატურა 2004 წლამდე სასამართლო ხელისუფლების ნაწილი იყო.

მისი თქმით, თუ დღეს პარლამენტს მხოლოდ გენერალური პროკურორის დანიშვნაზე თანხმობის  მინიჭების უფლება აქვს და ”არანაირი პოლიტიკური კონტროლი პროკურატურაზე არ იყო, ცვლილებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანო განახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას პროკურატურის სისტემაზე ისევე, როგორც სხვა სამინისტროებზე”.

საპარლამენტო უმცირესობა მმართველი პარტიის არგუმენტებს ”არადამაჯერებლად” მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ცვლილებას ისეთივე ნეგატიური ეფექტი ექნება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების ერთ უწყებად ჩამოყალიბებას ჰქონდა.

”ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ ცვლილებებებს,”- განაცხადა უმცირესობის სახელით დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.

უმცირესობის განცხადებით, ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებებს კიდევ უფრო ზრდის.

პროკურატურის შესახებ ახალი კანონის თანახმად, რომელიც თან ახლავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, გაერთიანებულ უწყებას უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი-გენერალური პროკურორი.

მას, სხვა მინისტრების მსგავსად, პრეზიდენტთან შეთანხმებით პრემიერ-მინისტრი წარადგენს დასანიშნად, თუმცა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტს ექნება.

იუსტიციის მინისტრი-გენერალური პროკურორი, რომლის უწყებაშიც პროკურატურა შევა, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება, იქნება პროკურატურის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი პირი, რომელსაც ძირითადი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება მიენიჭება, მათ შორის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა უმაღლესი თანამდებობის პირების – პრეზიდენტის, მთავრობის წევრების, სახალხო დამცველის, მოსამართლეების და ა.შ. –  სისხლის სამართლებრივი დევნა.

თუმცა ახალ უწყებაში  შემოდის კიდევ ახალი – მთავარი პროკურორის  – თანამდებობა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ასევე პრეზიდენტი. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა არ არის განსაზღვრული

მთავარი პროკურორის ფუნქციები, ძირითადად, ორგანიზაციულ-პროცესუალური საქმიანობით შემოიფარგლება და ის პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი არ არის.

”ის [მთავარი პროკურორი] არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები,”- განაცხადა განხილვისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა, ”ის უბრალოდ ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას”. 

საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ დავის და შემდგომი კონსულტაციების საგანს წარმოადგენს ასევე იუსტიციის სამინისტროში  შემავალი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ექსპერტიზის ბიუროსა და სახაზინო ადვოკატურის ბედი.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პრობაციის სამსახურთან ერთად დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად უნდა ჩამოყალიბდეს და ის უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებაროს. ანალოგიური მიდგომა აქვთ ცვლილებების ინიციატორებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ.

თუმცა სახაზინო ადვოკატურის სამსახური იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში რჩება, რაც საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, სისტემაში ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს, რადგან ბრალდება და დაცვის მხარე ერთ უწყებაში ექცევა.  

”ამ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას და მეორე მოსმენისთვის გადავწყვეტს ამ სამსახურების მომავალი ფუნქციონირების ფორმებს,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

იმავდროულად, დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი კონსტიტუციურ შესწორებების მეორე პროექტს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა 7-დან 6-მდე მცირდება.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button