skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭო გმობს მოსკოვის ნაბიჯს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუიგმა დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის ცალმხრივად აღიარების თაობაზე.

”რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარება არღვევს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს საფრთხეში აყენებს ამ დავის ირგვლივ მოლაპარაკებულ შეთანხმების პერსპექტივას ამ ორი რეგიონის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით,”- განაცხადა ტერი დევისმა, ”საერთო ჯამში, ამ გადაწყვეტილების ძირითადი მსხვერპლი იქნება  რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სანდოობა. რუსებმა არ შეიძლება იხელმძღვანელონ საერთაშორისო სამართლით მხოლოდ მაშინ, როცა მათ ეს აწყობთ”.

ლუის მარია დე პუიგმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაბიჯი იყო ”აშკარა და წინასწარ განზრახული დარღვევა საერთაშორისო სამართლის”, რაც ასევე ”შეგნებულად” გვერდს უვლის ევროპის საბჭოს ძირითად პრინციპებს.

”როდესაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა, რუსეთმა პირობა დადო, რომ პატივს სცემდა მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი განცხადებით, ეს დაპირება დაიმსხვრა,”- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button