skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი თბილისის მორიგ ”ანტირუსულ ტალღას” ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციის მიზნით რეგიონში სარკინიგზო ჯარების შეყვანა ”გამორჩეულად ჰუმანიტარულ ხასიათს” ატარებს, მაგრამ ამან საქართველოში მაინც გამოიწვია ”ანტირუსული ხმაურის ახალი ტალღა”.

3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სარკინიგზო ჯარები არიან შეუიარაღებელი და მათი ძირითადი მოვალეობაა 3-4 თვეში დაასრულონ სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთზე შპალების გამოცვლა, სალიანდაგო ხაზის მდგომარეობა გააუმჯობესონ და მდინარეებზე კოდორსა და მოქვზე ხიდები გაარემონტონ.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე განმართავს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი სრულად შეესაბამება აფხაზეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე რუსულ-ქართულ შეთანხმებებს, მათ შორის 2003 წლის მარტში სოჭში  რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების გადაწყვეტილებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.  თუმცა რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ რკინიგზის აღდგენის მიმართულებით პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც თბილისმა კოდორის ხეობაში 2006 წლის ზაფხულში ”ჯარები” შეიყვანა. 

თბილისმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების შეუთანხმებლად შეყვანასთან დაკავშირებით და მას ანექსიის შეფასება მისცა.

თუმცა რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ აფხაზი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საქართველოს და მთლიანად რეგიონის სასიკეთოდ კეთდება.

”ცუდი არ იქნებოდა, რომ ქართველი პოლიტიკოსები გადავიდნენ ანექსიისა და ინტერვენციის  საფრთხის შესახებ უაზრო ქადაგებიდან პრაქტიკულ ნაბიჯებზე ნდობის აღსადგენისთვის, რისკენაც გზა გადის კონსტრუქციულ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button