
გაერთიანებული ოპოზიცია თარხნიშვილის გადადგომას ითხოვს
ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადადგომას და მის ნაცვლად მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის მისაღები ნეიტრალური კადრის დანიშვნას მოითხოვს.
ამის შესახებ განცხადება დღეს დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი აქვს პოლიციის მხრიდან ოპოზიცურ კანდიდატებზე ზეწოლას, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. კუკავას განცხადებით ოჯახის წევრებზე პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად ახმეტაში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაზე რეგისტრაციამდე ერთი დღით ადრე უარი განაცხადა ირაკლი ჯამრულიძემ, ხოლო ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ბორჯომში ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ ცესკო ბარიერებს ქმნის საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში და ”უარს აცხადებს საზღვარგარეთ მყოფი პირების სრულად აღრიცხვაზე”.
გარდა ამისა, ოპოზიცია პრეტენზიას გამოთქვამს იმის გამო, რომ სატელევიზიო სივრცეში საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარი პირობებია შექმნილი მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამასთან, კუკავას განცხადებით, სარეკლამო ბილბორდები ხელმისაწვდომია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისათვის, რადგან ბილბორდების მფლობელები სხვა საარჩევნო სუბიექტებს უარს უცხადებენ რეკლამების განთავსებაზე.
აღნიშნული პრეტენზიები დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც გაახმოვანეს.