skip to content
ახალი ამბები

ქართული პრესა ბურჯანაძის გადაწყვეტილების შესახებ

ქართულმა პრესამ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას არ მიიღოს მონაწილეობა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ”შოკისმომგვრელი” და ”მოულოდნელი” უწოდა.


გაზეთ ”რეზონანსის” ცნობით, პარლამენტის სპიკერის ”მოულოდნელმა განცხადებამ მმართველ პარტიაში ყველაფერი არივ-დარია”.


ბურჯანაძემ არ დამალა, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან სიაზე შეუთანხმებლობას.


”რეზონანსის” ცნობით, ბურჯანაძეს სურდა, რომ მას სულ ცოტა 15-კაციანი კვოტა ჰქონოდა პარტიული სიის პირველ 30 კანდიდატს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ სულ ცოტა 30 კანდიდატს შეიყვანს ახალ პარლამენტში პროპორციული წესით.


”ამაზე მან პრეზიდენტისგან თავიდან თანხმობა მიიღო, თუმცა პარტიის სხვა ლიდერების გამო ეს გადაწყვეტილებ შეიცვალა,” – წერს ”რეზონანსი”.


გაზეთი ”ალია” წერს, რომ ბურჯანაძე სულ ცოტა 30-კაციან კვოტას ითხოვდა ახალ პარლამენტში, რაც აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის ლიდერებისთვის, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილისთვის.


გაზეთ ”24 საათის” ცნობით, ბურჯანაძის მიერ ამ გადაწყვეტილების გახმოვანება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს მაშინ მოხდა, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ”საინტერესოა, რომ ნინო ბურჯანაძემ არჩევანი გააკეთა მაშინ, როცა ყველა წინასწარი მონაცემით, ნაციონალების წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში შთამბეჭდავი იქნება – არა მათი რეიტინგის განსაკუთრებულად ზრდის, არამედ ოპონენტთა რეიტინგის ვარდნის ხარჯზე. ამ სიტუაციაში პარლამენტის თავმჯდომარე პოსტიდან გადადგომას არ გეგმავს და აცხადებს, რომ იგი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის გარანტი იქნება. ბურჯანაძის ეს ფრაზა აშკარა თავსატეხია იმათთვის, ვინც ამ პოლიტიკური ფიგურის მომავალ ბედზე პროგნოზების გაკეთებას ცდილობს,” – წერს ”24 საათი”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button