ახალი ამბები

ოქრუაშვილი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ”სახალხო აჯანყებას” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი ეჭვობს, რომ ოპოზიციას შეუძლია ე.წ. ”სახალხო აჯანყების” ორგანიზება იმ შემთხვევაში, თუ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

”აჯანყებას, ხელისუფლების წინააღმდეგ არსებული პროტესტის კარგად ორგანიზებას, ორი რამ სჭირდება – სურვილი და შნო. ვფიქრობ, პირველი, შესაძლოა, არსებობს, მაგრამ ვეჭვობ, მეორეც არსებობდეს. ერთი რამეა კიდევ, – თუ კაცი ამას გადაწყვეტს, არ ყვირის და გულში მჯიღის ცემის გარეშე აკეთებს საქმეს,” – განაცხადა ოქრუაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” მოკლე ინტერვიუში, რომელიც 19 მაისს გამოქვეყნდა.

ოქრუაშვილს აპრილში საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა .  

მისი პოლიტიკური პარტია – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობს. თავად ოქრუაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, რადგან თბილისის სასამართლომ იგი ”გამოძალვაში” ცნო დამნაშავედ და დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა ინტერვიუში, რომ იგი ამ ეტაპზე თავს შეიკავებს იმის შეფასებისაგან რამდენად წარმატებული კამპანია ჰქონდა ოპოზიციურ ბლოკს. ”ლიდერებს, რომლებიც ამ პროცესს ხელმძღვანელობენ, მთელი ერის წინაშე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. თუ ეს საარჩევნო კამპანია წარუმატებელი იქნება, მათ მოუწევთ აღიარონ ყველა ის შეცდომა, რაც გასულ თვეებში იქნა დაშვებული,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button