ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობები საზოგადოებივი მაუწყებელის საბჭოში ადგილს ითხოვენ

სახალხო დამცველის აპარატთან არსებული საბჭო, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა 20 ორგანიზაციას აერთიანებს, მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სამეურვეო საბჭოში უმცირესობის წარმომადგენელი შეიყვანოს.


ცხრა-წევრიანი საბჭოს წევრობის სურვილი 235 ადამიანმა გამოთქვა. პარლამენტი ახალ საბჭოს მიმდინარე კვირას დაამტკიცებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე. 235 ადამიანიდან ექვსი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია (ლალი მოროშკინა, გარი აუგსტი, მიხეილ აიდინოვი, ზაურ ხალილოვი, თენგიზ გაგლოევი და მარინა სოლომონაშვილი).


პრეზიდენტ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში, ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მოუწოდებს კანდიდატები მათი რიგებიდან შეარჩიონ. მიმართვაში ნათქვამია: ”აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, გასულ წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის ეს არ არის საკმარისი”.


ახლად არჩეული საბჭო ახალ გენერალურ დირექტორს დანიშნავს, რომელიც ამ პოსტზე თამარ კინწურაშვილს შეცვლის. ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების გზით შეირჩევა. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ოპოზიცია ამ პოსტზე ჟურნალისტ ია ანთაძეს ან გაზეთ ”რეზონანსის” მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს უჭერს მხარს. 

Back to top button