
რუსეთი საქართველოს უცხო ქვეყნის ბაზების განლაგების წინააღმდეგ კანონის მიღებას თხოვს
რუსეთს სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას მის ტერიტორიაზე, იტყობინება რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 22 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
”რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი არსებობს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა დაადასტუროს თავისი მზადყოფნა ჩვენთან ურთიერთობების დასალაგებლად,” – განუცხადა რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის უფროსმა ანდრეი კელინმა ”კომერსანტს”, ”მათ შორისაა იურიდიულად სავალდებულო პირობა უცხოური ბაზების განთავსების წინააღმდეგ”.
”ჩვენი [სამხედრო] ბაზები გამოყვანილ იქნა საქართველოდან ამ პირობის ფარგლებში, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. ამდენად, საქართველოს ნატოში მისწრაფების კონტექსტში, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს კანონი მის ტერიტორიაზე უცხოური ბაზების არ განლაგების შესახებ,” – განაცხადა მან.
”კომერსანტის” ცნობით, ურთიერთობათა ნორმალიზების მიზნით მოსკოვის მიერ წაყენებულ სხვა პირობებს შორის არის საქართველოს თანხმობა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე. ”თუ საქართველო ვერ გამოიჩენს დიდსულოვნებას, რომელსაც მოსკოვი მოელის, რუსეთს ყოველთვის შეუძლია უფრო გადამწყვეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს,” – წერს ”კომერსანტი”.