
ბურჯანაძე კოსოვოს დამოუკიდებლობაზე კომენტარს აკეთებს
კოსოვო ვერ იქნება მოდელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის და მისი პრეცედენტად განხილვა თავად რუსეთის ინტერესებში არ შედის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 18 თებერვალს.
”მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ იქნება კოსოვო პრეცედენტი, არის ის, რომ კოსოვოში ადგილი ჰქონდა გენოციდს და ეთნიკურ წმენდას. ასე რომ, ბუნებრივია, ნებისმიერი შედარება კოსოვოსი, თითქოსდა ერთი შეხედვით ამ ტიპის საკითხებთან, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სრულიად მიუღებელი,” – განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 21 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა დადებით შედეგებს მოიტანს და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას დაეხმარება.
ამასობაში, ოპოზიციურმა კოალიციამ, ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ და ახალმა მემარჯვენეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას არ აღიარონ კოსოვოს დამოუკიდებლობა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა კოტე გაბაშვილმა 18 თებერვალს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ საქართველომ არ უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება სხვა სახელმწიფოების პოზიცია. ” ჩვენ პოზიცია იქნება სრულებით თავშეკავებული და ჩვენი მხრიდან კოსოვოს აღიარება უნდა გამოვრიცხოთ,”- განაცხადა გაბაშვილმა.