
საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ყველა ნაბიჯს ქმედითად ვუპასუხებთ – სააკაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა და ყველაზე ნაკლებად სჭირდება დღეს არეულობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ”მუქარის” გამწვავების შემთხვევაში თბილისი ”სათანადო” რეაგირებას მოახდენს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 18 თებერვალს.
”მე ვიცი, რომ ვიღაც-ვიღაცეები საუბრობენ საპასუხო ნაბიჯებზე საქართველოს ტერიტორიის მიმართ კოსოვოს დასავლეთის მიერ აღიარების სანაცვლოდ,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ყველა ნაბიჯს მიმართულს ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ და შეგვწევს ძალა ვუპასუხოთ ბევრად უფრო ქმედითი საპასუხო ნაბიჯებით. ყველანაირ პროვოკაციას აღვკვეთავთ ძირშივე და სათანადო, საკადრის რეაგირებას მივცემთ”.
”არავის არ ვურჩევ თავის ან ცხვირის შემოყოფას ამ საკითხში რაიმე სახის გამწვავებაზე წასვლას,”- აღნიშნა მან, ”ჩვენ გვინდა ყველა საკითხის მშვიდობიანად მოგვარება, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვჭირდება დღეს რაიმე სახის არეულობა, მაგრამ საქართველო უკან არ დაიხევს!”
კოსოვომ დამოუკიდებლობა 17 თებერვალს გამოაცხადა და როგორც ჩანს, წამყვანი სახელმწიფოების ნაწილი ამ ფაქტს ცალმხრივად აღიარებს. ასეთ შემთხვევაში რუსეთი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში გადახედოს თავის პოლიტიკას.
ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის წინ გაკეთდა, სადაც 21 თებერვალს იგი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
”მე იმედს გამოვთქვამ, რომ კოსოვოდან გამომდინარე საკითხები არანაირად არ შეუშლის ხელს ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციას რუსეთთან,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კოსოვოს შემთხვევა ”სრულიად უნიკალურია” და არ შეიძლება იყოა პრეცედენტი სხვა ტერიტორიებისთვის.
იმავდროულად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ აღიარებისათვის, ვიდრე კოსოვოს. სეპარატისტი ლიდერები დამოუკიდებლობის ცნობის თხოვნით, პირველ რიგში, რუსეთს, დსთ-ს სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აპირებენ მიმართონ.