ახალი ამბები

ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების თაობაზე.


”ჩვენ ვადასტურებთ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტს; ეს ახლა სურეის  პოლიციის საქმეა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ,”- განუცხადეს Civil.ge-ს ბრიტანეთის საელჩოში.


სურეი არის დასახლებული პუნქტი ლონდონთან ახლოს, სადაც პატარკაციშვილის ვილაა განთავსებული.


სურეის საგრაფოს პოლიციამ განაცხადა, რომ ის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას განიხილავს, როგორც ”საეჭვო” შემთხვევას.


“ისევე როგორც სხვა მოულოდნელ გარდაცვალებას, ამ შემთხვევასაც განვიხილავთ, როგორც საეჭვოს,”  – იტყობინება Times-ი სურეის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. ”გვამის ექსპერტიზა ჩატარდება დღეს მოგვიანებით, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი.”

ცნობა პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ 13 თებერვალს დილით გავრცელდა. მისმა ადვოკატმა და საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა შალვა ხაჭაპურიძემ ასევე დაადასტურა ეს ინფორმაცია.


გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. პატარკაციშვილის პოლიტიკურმა მოკავშირემ ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი ”თითქოს გულია”, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბიზნესმენი არ ავადმყოფობდა და ”კარგად იყო”.

”ეს მოხდა 11 საათზე (გასულ საღამოს) ბადრის სახლში ლონდონთან ახლოს. რამდენადაც მე მისი ნათესავებისგან ვიცი, მიზეზი გული იყო,”- განუცხადა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, პატარკაციშვილის მეგობარმა და ბიზნეს-პარტნიორმა, სააგენტო ”როიტერს” ტელეფონით.

ბერეზოვსკი აცხადებს, რომ მან 12 თებერვალს, გარდაცვალებამდე ნახა პატარკაციშვილი, იუწყება BBC. პატარკაციშვილი არ იყო ავად, თუმცა გულს უჩიოდა, აღნიშნა მან.

პატარკაციშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ნოემბრიდან მას მერე, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა სახელმწიფო შეთქმულების მომზადებაში ჯერ ეჭვმიტანილად, მოგვიანებით კი ბრალდებულად ცნეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს, თბილისში აღარ ჩამოსულა. ის ან ბრიტანეთში ან ისრაელში იმყოფებოდა.


პატარკაციშვილმა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი დაიკავა ხმათა 7,1%-ით.  


ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას არ მოახდენს, განაცხადა პოლიტიკურმა მიმოხილველმა რადიო ”თავისუფლებიდან” ია ანთაძემ.


მისი თქმით, თუკი გაჩნდება ეჭვები პატარკაციშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ეს სიტუაციას დაძაბავს.


”თუკი დადასტურდება, რომ ბადრი პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, მაშინ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი არ შეიცვლება,”- განუცხადა ია ანთაძემ Civil.ge-ს 13 თებერვალს, ”რადგან ამ ადამიანმა ვერ მოასწრო ქართულ პოლიტიკაში ისე შემოსვლა, რომ მისმა გარდაცვალებამ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეცვალოს. მან ვერ მოასწრო ვერც ძლიერი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება და ტელეკომპანია ”იმედის” დახურვის გამო ფაქტიურად გასული იყო თამაშიდან. რაც შეეხება ფინანსებს, რომელიც შეიძლება მისგან შემოსულიყო პოლიტიკაში, არ შემოსულა და ჯერ-ჯერობით ეს იყო პოტენციაში”.


იმავდროულად, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნაზი არონიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალება გაერთიანებული ოპოზიციისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ეს, დეპუტატის განცხადებით, მათ ფინანსურად დააზარალებს.


ოპოზიციური კოალიცია შეეცადა გამიჯნოდა პატარკაციშვილს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ბიზნესმენის წინააღმდეგ აუდიო და ვიდეო მამხილებელი მასალა გამოაქვეყნა და ის სახელმწიფო შეთქმულების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. ოპოზიცია მტკიცედ უარყოფდა პატარკაციშვილისგან რაიმე დაფინანსების მიღებას.


თუმცა ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებდა პატარკაციშვილთან ოპოზიციის კავშირებზე.


პატარკაციშვილის პოლიტიკური პარტიის ”ჩვენი საქართველოს” ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა მათი ლიდერის მკვლელობის ეჭვებთან დაკავშირებით. ”ყველა შემთხვევაში მკვლელობაა, მიუხედავად იმისა რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა,”- განაცხადა დავით შუკაკიძემ ”ჩვენი საქართველოდან”. ამავე პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გოგი წულაიამ განაცხადა: ”მე ამაში ხელისუფლებას ვადანაშაულებ”.


პარტიის დანარჩენმა წევრებმა რადიკალური განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავეს. ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზი ”თითქოს გული” იყო, თუმცა ის ჯანმრთელობას არ უჩიოდა.


”მე როგორც ვიცი, ის გულის შეტევით გარდაიცვალა, დანარჩენს ექსპერტიზა იტყვის,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”საქართველომ დაკარგა ნამდვილი პატრიოტი”.



This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button