საგანგებო მდგომარეობის პირველი დღე
თბილისის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებში 8 ნოებერს, საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს, დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხარდამჭერი ორი ტელეკომპანია დაიხურა, ხოლო დანარჩენ კერძო ტელეკომპანიებში საინფორმაციო გადაცემები შეწყდა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები რჩება ქვეყანაში ინფორმაციის მთავარი წყარო. გაზეთების ტირაჟი დაბალია, ხოლო ინტერნეტ საშუალებები ქვეყნის მოსახლეობის მაქსმიმუმ 7%-ისთვისაა ხელმისაწვდომი.
ამავდროულად, განათლების სამინისტრომ 8-9 ნოემბერს სკოლები დაითხოვა და უმაღლეს სასწავლებლებს ანალოგიურის გაკეთება ურჩია.
პარლამენტი, სავარაუდოდ, ხვალ შეიკრიბება და საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტს დაამტკიცებს.
თუმცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 8 ნოემბერს იმედი გამოთქვა, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება.
”იმედი გვაქვს დღეს და ხვალ სიწყნარე იქნება და დაძაბულობა განიმუხტება და იმედია პარლამენტს არ დასჭირდება ამ ზომის მიღება,” – განუცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის სპიკერს ნინო ბურჯანაძეს კავშირი აქვს ”ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერთან” და ცდილობს დიალოგი განაახლოს. თუმცა, მაჭავარიანმა არ დააკონკრეტა, რომელ პოლიტიკოსებთან ცდილობს ბურჯანაძე მოლაპარაკებას.
ხელისუფლებამ ნათლად მიანიშნა, რომ ისინი არ გამართავენ მოლაპარაკებებს იმ პოლიტიკოსებთან, რომელთაც რუსეთის დაზვერვასთან ჰქონდათ კავშირი.
საინფორმაციო გადაცემების დახურვამდე ”რუსთავი 2”-თან საუბრისას დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის ზოგიერთ პარტიასთან, მათ შორის ”ახალ მემარჯვენეებთან”. თუმცა, მან არ დააკონკრეტა სხვა პარტიები.
იმავდროულად, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
”ჩემთვის ძალიან რთულია ხელისუფლებასთან საუბარი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ; თუმცა, პოლიტიკოსობა რთული საქმეა და ჩემი მოვალეობაა, რომ ვაწარმოო მოლაპარაკებები,” – განუცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”, ”თუმცა, წინაპირობა დიალოგის დაწყებისა უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან არსებული უკანონობის შეწყვეტა”.
8 ნოემბერს რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა Civil.Ge-ს განუცხადა სატელეფონო საუბრისას, რომ ოპოზიციის ლიდერები კონსულტაციების გამართვას გეგმავენ. თუმცა, დეტალებზე ტელეფონით საუბრისგან მან თავი შეიკავა.
მან ასევე განაცხადა, რომ ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი გორის საავადმყოფოში რჩება, მას შემდეგ რაც იგი სცემეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)