skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილი პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობს

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” 17 ოქტომბერს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ხედვა გამოაქვეყნა.


დოკუმენტის გამოქვეყნება დაემთხვა ოპოზიციური ჯგუფების ერთობლივი მანიფესტის პრეზენტაციას, სადაც ასევე მათი პრიორიტეტები გახმოვანდა. ტელეკომპანია ”იმედის” თანამფლობელი ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბოლო დროს წარმოშობილი კრიზისის ცენტრში მოექცა.


ოთხგვერდიან დოკუმენტში პატარკაციშვილი აცხადებს, რომ საქართველო ფედერალური სახელმწიფო უნდა იყოს.


”ცენტრის საზრუნავი უნდა მდგომარეობდეს მხოლოდ საქართველოს ერთიანი ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შენარჩუნებაში. დანარჩენი ფუნქციები რეგიონებს უნდა ჰქონდეთ გადაცემული,” – აცხადებს პატარკაციშვილი.


მისი თქმით, საქართველო არსებული საპრეზიდენტო სისტემიდან მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე უნდა გადავიდეს ორპალატიანი პარლამენტით. პატარკაციშვილის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივა საკონსტიტუციო მონარქიის შესახებ ”განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საზოგადოების მხრიდან”.


საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას პატარკაციშვილი აცხადებს: ”საქართველოს მეგობრები არა ჰყავს, საქართველოს გააჩნია ინტერესები”.


”საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა პასუხობდეს მხოლოდ ქვეყნის, მისი მოქალაქეების ინტერესებს,” – აცხადებს იგი, ” ძირითადი გარეპოლიტიკური ინტერესი საქართველოს ორი გააჩნია- რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები”.


იგი ასევე აცხადებს, რომ ” რამდენადაც აგრესიული არ უნდა იყოს რუსეთი – იგი ჩვენი მეზობელია. რამდენადაც ძლიერნი არ უნდა იყვნენ შტატები – ისინი ოკეანის გაღმა არიან. ამერიკა ძლიერი და მეგობრულია, მაგრამ შორია. რუსეთი აგრესიულია, მაგრამ ახლობელია”.


ბიზნესმენის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის არსი ”დაბალანსების პოლიტიკაში მდგომარეობს”.


”ამიტომ საქართველოს შესვლა ნატოში და შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში სრულად პასუხობს ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს. თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ვიღაცის ჯიბრზე,” – აცხადებს  პატარკაციშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button