ახალი ამბები

პოლიტიკოსები კონსტიტუციური მონარქიის შემოღებაზე ეკლესიის ინიციატივას გამოეხმაურენ

პოლიტიკოსების დიდი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციიდან და ასევე ახალი მემარჯვენეები მიესალმნენ საქართველოს ეკლესიის ინიციატივას ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების თაობაზე დისკუსიის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა მმართველი პარტიის ზუსტი პოზიცია ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით უცნობია.


”მე ვიცი, რომ საქართველოს აქვს კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრობს,”- განუცხადა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ დღეს ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, ”მე არ ვარ პოლიტოლოგი, რომ გავაკეთო შედარებითი ანალიზი” სახელმწიფოს მოწყობის რომელი ფორმაა უფრო მისაღები.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ დაიწყება კონსტიტუციური წყობის შეცვლაზე მსჯელობა.


ცოტა ხნის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებულმა ათმა ოპოზიციური პარტიამ, რომლებიც კოორდინირებულად აწარმოებენ კამპანიას, საპარლამენტო არჩევნების აპრილში გამართვასთან ერთად მთავარ ლოზუნგად ასევე დააყენა  – ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე”. 


”ანუ ჩვენ პარტიათა უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ ქვეყანა უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა  – ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო რესპუბლიკის სრულყოფილი სახე არის კონსტიტუციური მონარქია,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.


”მე ყოველთვის ვიყავი კონსტიტუციური მონარქიის მომხრე, როგორც სწორი ფორმა საქართველოსთვის,”- განუცხადა ჟურნალისტებს პარტია საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა. 


”უაღრესად დადებითად” შეაფასა ასევე პატრიარქის იდეა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამაც.


”მეფე არ ნიშნავს, ამ შემთხვევაში, მმართველ დიქტატორს, არამედ იგი არის ერთის მხრივ, ქართული ტრადიციების, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი,”- აღნიშნა მან.

ლეიბორისტულმა პარტიამ ასევე დაუჭირა მხარი ილია მეორეს ინიციატივას საქართველოში მონარქიის კონსტიტუციური ფორმით აღდგენის თაობაზე. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.  


დავით გამყრელიძემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, რომელმაც ერთიან ოპოზიციურ მოძრაობაში გაერთიანებისაგან თავი შეიკავა, 8 ოქტომბერს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა ”დეკლარაცია საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ”.


”ახალი მემარჯვენეები ვაცხადებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო წყობა უნდა იყოს კონსტიტუციური მონარქია… საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამოცდილებიდან გამომდინარე,  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყანაში კრიზისული მოვლენების გათვალისწინებით, ფართო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე  და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებაზე დაყრდნობით,”- განაცხადა გამყრელიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button