skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი სხეფერთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან მოლაპარაკებების შემდეგ ქალაქ სიღნაღში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით კი ეკონომიკური ემბარგოს ჭრილში.  მან ასევე ისაუბრა საფრანგეთის მხარდაჭერაზე და განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება.


პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს დაწესებით მიზნად ისახავდა მთელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და სიტუაციის არევას, თუმცა თავის მიზანს ვერ მიაღწია.


”თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორ შეიცვალა კახეთი ამ ემბარგოს შემდეგ,”- განაცხადა მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე,”რა თქმა უნდა კახეთში არის ეკონომიკური სირთულეები, რა თქმა უნდა ყურძნის ფასი შედარებით დაეცა, მაგრამ კახეთში შენდება ახალი ქარხნები, ახალი გზები, კახეთში მიმდინარეობს ქალაქების და რაიონული ცენტრების აღდგენა, კახეთში შენდება ახალი სკოლები, საავადმყოფოები, თეატრები, კახეთი იმართება წელში და მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ საქართველოს და მის ხალხს აქვს ღირსება და არანაირ პროვოკაციებს, არანაირ წვრილმანი და მდაბიო ადამიანების სხვადასხვა კაპრიზებს კახეთი არ აყვება და საქართველო არ აყვება”.


”ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა, პასუხისმგებლობით აღსავსე ქვეყანა, ჩვენ ვართ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დემოკრატიული პრინციპებს დავაყენებთ ნებისმიერ გაჭირვებაზე, ნებისმიერ დროებით სიძნელეებზე, ნებისმიერ ემბარგოზე, ნებისმიერ შევიწროებებზე და ნებისმიერ დაბომბვებზე მაღლაც კი,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


იგი ასევე შეეხო 20 სექტემბერს ზემო კოდორის ხეობაში აფხაზურ მხარესთან ქართული პოლიციის შეტაკების ინციდენტს, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული რუსი ვიცე-პოლკოვნიკი იყო.        


”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ავიცილოთ თავიდან ასეთი ინციდენტები და ასეთ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს არც საქართველოში, არც ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ნამდვილად ასეა,”- განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ”საკმარისი პრობლემაა ტერორიზმის იმისათვის, რომ რუსეთი ჩვენ დაუკითხავად არ ებრძოდეს ტერორიზმს საქართველოს ტყეებში”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერვე მორინის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც 30 სექტემბერს მარსელში შედგა, ფრანგმა კოლეგამ დაუდასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებითაც.


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა  3 ოქტომბერს ”როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს საქართველოს წევრობას ნატოში, თუ ამას რუსეთი საფრთხედ არ აღიქვამს.


”მინდა დავადასტურო და ალბათ ამას პრეზიდენტი სარკოზი თვითონაც დაადასტურებს, რომ საფრანგეთის პოზიცია ყველა საკითხში, მათ შორის ამ საკითხში, არის უკიდურესად მხარდაჭერითი. ეს იყო გამოხატული ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. ასე რომ, ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება და ინფორმაცია, რაც მე მინდა გადმოგცეთ იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც მე მქონდა საფრანგეთის ლიდერებთან,”- განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.


მან  პრესკონფერენციის დასასრულს ყურადღება გაამახვილა  იმ ფაქტზე, რომ მას და ნატოს გენერალურ მდივანს ”სრულიად შეუთანხმებლად” ერთნაირი ფერის ჰალსტუხები ეკეთად. 


”ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეუთანხმებლად მაინც ვმოქმედებთ აბსოლუტურად სინქრონულად და ე.ი. ყველაფერი იქნება კარგად და დამთავრდება კარგად,”- აღნიშნა სააკაშვილმა, რასაც ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა რეპლიკით: ”მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ყოველთვის მივდევ და ყოველთვის ვიცავ საქართველოს პრეზიდენტის ინსტრუქციებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button