ახალი ამბები

გურამ შარაძე მოკლეს

ყოფილი პარლამენტარი გურამ შარაძე 20 მაისის საღამოს თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევიდან ცოტა ხანში ახლომდებარე ქუჩაზე დაიჭირეს.


გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის გიორგი ბარათელი, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობაში და შემთხვევის დროს მსუბუქად დაიჭრა, შარაძის შვილის მეგობარი იყო.


ჯერ-ჯერობით მკვლელობის მოტივებზე ვერსიები უცნობია.


თუმცა შარაძის სიძემ ჟურნალისტებთან საუბარში პრაქტიკულად გამორიცხა მკვლელობის პირადი მოტივი, რადგან გურამ შარაძე წლების მანძილზე აქტიურად პატრონობდა ეჭვმიტანილს. ბარათელი, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ”რუსთავი 2”-ის ოპერატორი იყო.


67 წლის გურამ შარაძე, რომელსაც სამი ტყვია მოხვდა, ნაციონალისტი პოლიტიკოსი და 2004 წლამდე ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ამის შემდეგ ის პოლიტიკაში აღარ ჩართულა. გურამ შარაძე ათეულობით წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე და მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორია.


ბოლოს გურამ შარაძე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა 2006 წელს, მაშინ, როცა 15 დღიანი პატიმრობა მოიხადა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს აქტიურად აკრიტიკებდა.


მას 2004 წელსაც მიუსაჯეს 15-დღიანი პატიმრობა ხულიგნობის მოტივით მას შემდეგ, რაც მან აშშ-ს საელჩოს ინიციატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოწყობილ გამოფენაზე პლაკატები ჩამოხია და მას “სატანისტური პორნოგრაფია“ უწოდა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button