skip to content
ახალი ამბები

სოლანა: ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე ”გაყინულ კონფლიქტებზეც” ვიმსჯელებთ

ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების თემა სხვა საკითხებთან ერთად იქნება ევროკავშირი-რუსეთის სამიტის დღის წესრიგში. სამიტი სამარაში 18 მაისს გაიმართება.


”მოველი, რომ ჩვენ შევეხებით რუსეთის შიდა ვითარებას და ევროკავშირის საკითხებს, მათ შორის ურთიერთობებს ჩვენს სამეზობლოსთან, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, თუ რა ტიპის თანამშრომლობით დავეხმარებით ჩვენ კონფლიქტების მოგვარებას,”- განაცხადა სოლანამ ”რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში 15 მაისს.  


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები იყო ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და ხავიერ სოლანას შორის ბრიუსელში  15 მაისს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და საზღვრის დაცვის სფეროში ევროკავშირის როლის გაძლიერების საკითხები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button