ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუტია

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი რომან გოცირიძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ ვერ შეძლეს გასული წლის ინფლაციის მაღალ დონეს დროულად გამკვლავებოდნენ.


რომან გოცირიძე 10 მაისს პარლამენტის წინაშე ბანკის წლიური მოხსენებით წარსდგა.


მან დეპუტატებს განუცხადა, რომ ინფლაციის მაღალი დონე, რომელმაც 2006 წელს 8.8%-ს მიაღწია, ძირითადად გამოიწვია გარე ფაქტორებმა, მათ შორის რუსეთის ეკონომიკურმა ემბარგომ და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ. ეროვნული ბანკის საქმიანობის საერთო შეფასება მოხსენებაში საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური იყო.


თუმცა, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან, მოულოდნელად, ეჭვის ქვეშ დააყენეს მოხსენების პოზიტიური შეფასებებიც.


”მოხსენება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ 2006 წლის სავალუტო პრობლემები ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგად მოაგვარა და თითქოს ქვეყნის ეკონომიკური წარმატება გასულ წელს ბანკის საქმიანობის შედეგია,” – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო მოსმენის დროს.


მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ვერ შეძლო ”იმ რისკების და გამოწვევების პროგნოზირება”, რომლებიც გასულ წელს წარმოიშვა.


”მოხსენებაში ნათქვამია, რომ ინფლაცია ძირითადად გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო მთავარი ფაქტორი,” – განაცხადა მან.


დეპუტატმა კოვზანაძემ აღნიშნა, რომ მისი კომიტეტის შეფასებების მიხედვით, მთლიანი ინფლაციის მხოლოდ ერთი მესამედი გამოიწვია გარე ფაქტორებმა.


”დანარჩენი შიდა მონეტარული მიზეზებით იქნა განპირობებული,” – დასძინა მან.


რომან გოცირიძემ  თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ გარე ფაქტორების წილი ინფლაციის საერთო ოდენობაში 5.6%-ს შეადგენდა.


”ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა ზომების მიღება ინფლაციის წინააღმდეგ,”- განაგრძო კოვზანაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოლიტიკის კრიტიკა.


მან ასევე აღნიშნა, რომ დოლარის წინააღმდეგ ლარის გამყარების პოლიტიკა სარისკოა და ”საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას”.


ამის საპასუხოდ გოცირიძემ განაცხადა, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ეროვნული ბანკის დადანაშაულება ინფლაციის გამო.


”ვერავინ ვერ შეძლებს ინფლაციის თავიდან აცილებას, როდესაც ოთხჯერ იზრდება გაზის ფასი [2005 წლიდან],” – განაცხადა მან.


”მე ოცი წელია პოლიტიკაში ვარ და კარგად მესმის თქვენი კითხვების და პრეტენზიების ქვეტექსტები”, – დასძინა მან, რითიც იმაზე მიანიშნა, რომ მმართველი პარტიის თავდასხმა პოლიტიკური ინტრიგების ნაწილია. 

პარლამენტი ვალდებულია, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში სპეციალური დადგენილებით დაამტკიცოს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს, თუ როგორ  – დადებითად ან უარყოფითად – შეფასდეს ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button