ახალი ამბები

აფხაზურმა მხარემ სამი ქართველი სტუდენტი გაათავისუფლა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლებამ 3 მაისს ორი თვის წინ დაკავებული სამი ქართველი სტუდენტი გაათავისუფლა.


19 წლის ლევან ყორშია და 20 წლის ლევან ღაჭავა და კობა რიგვავა გუშინ დაახლოებით 17 საათისთვის გაათავისუფლეს გალის იზოლატორიდან მას შემდეგ, რაც მათი სასამართლო პროცესი ჩატარდა. სტუდენტები გათავისუფლებისთანავე თბილისში ჩამოიყვანეს, სადაც სამივე მათგანი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.


დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი გათავისუფლებულ სტუდენტებთან ერთად შეუერთდა კანცელარიის შენობის წინ მიმდინარე სტუდენტურ აქციას.

სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს, რომელთა დიდი ნაწილი მმართველ პარტიასთან დაახლოებულ სტუდენტობას შეადგენდა, განუცხადა, რომ საქართველოს არაკეთილისმსურველებმა თავი უნდა შეიკავონ ”ძალადობისგან, უკანონობისა და ტერორისაგან, რადგან ყველას მოეკითხება”.


”თვითმარქვია სეპარატისტთა ხელისუფლებას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ავუხსენით, რომ მათ გამოსახსნელად არაფერზე უკან არ დავიხევდით. მათ ეს ტვინში კარგად ჩავუდეთ,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არავისთვის ბოდიშის მოსახდელი არ აქვს. ”თქვენ გამოაგდეთ ხალხი საკუთარი სახლებიდან, თქვენ დაეუფლეთ მათ ქონებას და ბოდიშიც თქვენვე გაქვთ მოსახდელი,”- დასძინა სააკაშვილმა.


მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში გათავისუფლებულმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მათ ორთვიანი პატიმრობის პერიოდში კარგად ეპყრობოდნენ.


თუმცა მათი გათავისუფლების გარემოებები ამ დრომდე უცნობია. ამ ფაქტამდე აფხაზური მხარე მოითხოვდა თბილისისგან გალის ადმინისტრაციის თანამშრომლის დავით სიგუას გათავისუფლებას სტუდენტების თავისუფლების სანაცვლოდ.


მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ სტუდენტები არ გაუცვლიათ სიგუაზე.


”შსს-ს არ ჰყოლია დაკავებული მსგავსი პიროვნება და შესაბამისად არც ქართველი სტუდენტების გაცვლა მომხდარა აღნიშნულ პიროვნებაზე,”- ნათქვამია განცხადებაში.


დავით სიგუა თებერვლის დასაწყისში გაუჩინარდა. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ სიგუა, რომელიც ეთნიკურად ქართველია, ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს იმის გამო, რომ ის აქტიურად თანამშრომლობდა სეპარატისტულ ხელისუფლებასთან.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button