ახალი ამბები

შსს: შამგონაში შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ”კატეგორიულად გმობს” 1 მარტს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ შამგონასთან ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა და სამი ახალგაზრდა ”მძევლად იქნა” აყვანილი.


აფხაზური მხარე აცხადებს, რომ მათ სამი ქართველი ახალგაზრდა, რომლებიც ორგანიზაცია ”ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” აქტივისტები არიან,  ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს გალის რაიონში, რასაც შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა. 


”აფხაზურმა სეპარატისტულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აღნიშნული ქმედება განხორციელდა იმ დროს, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა.


”შსს უკიდურესად უარყოფითად აფასებს გალის რაიონში შექმნილ სიტუაციას, სადაც ადგილი აქვს ადგილობრივი მაცხოვრებლების სისტემატიურ შევიწროვებას, ტერორს, დაშინებას, გატაცებას ფულის გამოძალვის მიზნით. აღსანიშავია, რომ არაკანონიერი ქმედებები ხორციელდება კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების უმოქმედობის და ხშირ შემთხვევაში ხელშეწყობის ფონზე”, – აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.


შსს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს დამკვირვებელთა მისიას, რუს სამშვიდობოებს და კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულ სხვა მხარეებს უზრუნველყონ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.

Back to top button