skip to content
ახალი ამბები

პუტინი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 თებერვალს მიანიშნა, რომ გასული წლის მიწურულს რუსეთმა გაითვალისწინა თბილისის სურვილი იაფი აზერბაიჯანული გაზის შეძენის თაობაზე და გარკვეული დრო მისცა ქართული მხარეს ”გაზპრომთან” შეთანხმების ხელმოწერამდე.


ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მას ”რთული დიალოგი”  ჰქონდა ენერგოსაკითხებზე ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან გასული წლის 28 ნოემბერს დსთ-ს სამიტის ფარგლებში მინსკში გამართულ შეხვედრაზე.


”ჩვენ, მიუხედავად რთული დიალოგისა ენერგომატარებლებთან დაკავშირებით, ეს პრობლემა მაინც გადავწყვიტეთ. ჩვენ გვესმის ჩვენი ქართველი პარტიორების სურვილი შეიძინონ გაზი საბაზრო ფასებზე იაფად. და მივეცით შესაძლებლობა გვეცადა წყნარად, აბსოლუტურად არაკონფრონტაციულ რეჟიმში ამ პრობლემის მოგვარება. და თქვენ ალბათ იცით მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქეთთან”, – განაცხადა პუტინმა.


დეკემბერში საქართველოს მთავრობა ინტენსიურ დიალოგს აწარმოებდა ბაქოსთან და ანკარასთან შაჰ-დენიზის გაზსადენით დამატებითი გაზის მიღების თაობაზე. თუმცა საქართველომ ამ კუთხით შედეგებს ვერ მიაღწია და საქართველოში მოქმედ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, ისევე როგორც მომხმარებელ კომპანიებს, მოუწიათ ”გაზპრომთან” შეთანხმების გაფორმება ათასი კუბამეტრი გაზის 235 აშშ დოლარად შეძენის თაობაზე.


პუტინის განცხადებით, თურქეთს თავად ჰქონდა პრობლემები გაზმომარაგებაში.


”თურქეთს ირანმა ვერ მიაწოდა გაზის დიდი რაოდენობა გასულ წელს, ჩვენ არ ვიცით რა მიზეზით.  თურქმა მეგობრებმა  მოგვმართეს თხოვნით გაგვეზარდა მიწოდება და ჩვენ გავაკეთეთ ეს დიდი მოცულობით. ამიტომ ხომ ვიცით ჩვენ რა ხდება რეგიონში. წყნარად დავუცადეთ სანამ დამთავრდებოდა კონსულტაციები და მოვილაპარაკეთ საბაზრო ფასზე – 235 აშშ დოლარზე ათას კუბურ მეტრზე…  ჩვენ პატივს ვცემთ  ქართველი პარტნიორების ასეთ პოზიციას. და როგორც იგეგმებოდა ჩვენ დავაბრუნეთ ელჩი და ვიმედოვნებთ, რომ ეს პირველი ნაბიჯია ყველა ჩვენი პრობლემების დარეგულირების გზაზე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


”ქართულ პრესაში ვხედავთ აჟიოტაჟს ამის თაობაზე, რომ ელჩი დაბრუნდა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ნუ კარგი, დაე იყოს ასეთი გრძნობა, ჩვენ ამას წყნარად ვეკიდებით, მთავარია, რომ ამან ხელი შეუწყოს ნორმალიზებას”, – დასძინა პუტინმა. 


მან აღნიშნა, რომ მინკში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ დსთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების კარგი საშუალებაა.


”როცა შევხვდი ბოლოს საქართველოს პრეზიდენტს მინსკში, დაისვა შეკითხვა: გვჭირდება კი საერთოდ დსთ? და ერთად ვთქვით: რომ არ იყოს დსთ და მისი ინსტრუმენტები და მექანიზმები, მიხეილ ნიკოლაევიჩს ვერც შევხვდებოდი და ვერ შევძლებდით  გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც წარმოიშვა ჩვენ ქვეყნებს შორის. და უკვე მაშინდელ შეხვედრაზე პრინციპში გამოვკვეთეთ ჩვენი ძირითადი პრობლემები და [ურთიერთობების] ნორმალიზების მიმართულებით სვლა”, – განაცხადა პუტინმა 1 თებერვალს.


ყველა ეს მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე: ხომ არ მოჰყვება საქართველოში რუსეთის ელჩის დაბრუნებას სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება და რუსული ვიზების გაცემის განახლება. თუმცა პუტინმა ამ შეკითხვას ზოგადი პასუხი გასცა.


რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ჯერ ვერ ახერხებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას.


”ჩვენ პარტნიორულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ზოგიერთთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები გვაქვს, მე ვგულისხმობ დსთ-ს ქვეყნებს. თუმცა, არსებობს გარკვეული პრობლემებიც. მაგალითად, საქართველოსთან ჯერ ვერ მოვახერხეთ ურთიერთობების ნორმალიზება”, – განაცხადა პუტინმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button