skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო არ შეეგუება ანექსიის და ეთნიკური წმენდის დაკანონებას აფხაზეთში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც დღეს კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სხდომას დაესწრო, განაცხადა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველო ოდესმე შეეგუება აფხაზეთში ეთნიკური წმენდისა და ანექსიის დაკანონებას.


“ახლა არის ისტერიული მცდელობები ერთ–ერთი სახელმწიფოს მხრიდან დააკანონოს აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია ეთნიკური წმენდის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების. არასოდეს, არასოდეს, არა მხოლოდ სანამ მე და რომელიმე ჩვენგანი ვართ ცოცხალი, სანამ საქართველო არსებობს და სანამ არსებობს სამართლის განცდა, არ შეურიგდება ჩვენი სახელმწიფო ანექსიის და ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას. ამაზე ილუზია ნურავის ნუ ექნება და ეს მინდა ყველამ კარგად გაითავისოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთში სტუმრობისას.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი სოხუმში მშვიდობის, მოლაპარაკების, ურთიერთუსაფრთხოების გარანტიების, ადამიანის ღირსების აღდგენის, მათ შორის ყველა დევნილის უფლების დაცვის გზავნილს აგზავნის.


“მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე მანძილზე – სოხუმში  – ჩემს ამ გზავნილს კარგად მოუსმენენ. ახლა ისტერიკის და ურთიერთბრალდების დრო კი არ არის, არამედ არის დრო სერიოზული მოლაპარაკების”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   


პრეზიდენტმა განცხადება დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პრობლემაზეც გააკეთა.


“მე ვიცი, რომ სეპარატისტების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ არასოდეს არ დაუშვებენ დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში. ისინი ვერ განკარგავენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. თქვენი სახლები, ასობით ათასი დევნილის სახლი არა მხოლოდ ეთნიკური ქართველების, არამედ ესტონელების, უკრაინელების, ებრაელების, ბერძნების  – ეკუთვნის არა ბატონ ბაღაფშს ან რომელიმე სხვა სეპარატისტს, ეკუთვნის იმ ხალხს, რომელიც იქიდან გამოაძევეს“, –  განაცხადა სააკაშვილმა.


“როცა ჩვენ გვიხდება დიდი მთის გადმოფრენა [კოდორის ხეობაში მისასვლელად] იმის გამო, რომ სოხუმიდან გზა არის ჩაკეტილი, ეს არის არანორმალური სიტუაცია და მე მინდა ეს იცოდეს მთელმა მსოფლიომ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button